რუსთავის მერია ახალ სოციალურ პროგრამას იწყებს

139

რუსთავის მერია ახალ სოციალურ პროგრამას იწყებს.2022 წლიდან ქალაქში “ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა” ამოქმედდება. ამის შესახებ რუსთავის საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს.

როგორც სხდომის მომხსენებელმა, მერიის ბავშვთა ზრუნვის განყოფილების წარმომადგენელმა, მადონა დუდაშვილმა განაცხადა, ძალადობის მსხვერპლ პირებს, რომელთაც ბავშვი ჰყავთ და თავშესაფარში აღმოჩნდებიან ან მათ დროებით სხვა შეიფარებს, რუსთავის მერია ერთჯერადად 1000 ლარით დაეხმარება.

პირველ ეტაპზე, პროგრამა 10 ბენეფიციარზეა გაწერილი, თუმცა როგორც სხდომაზე გახდა ცნობილი, შესაძლოა ეს რიცხვი გაიზარდოს.

“ვნახავთ სტატისტიკურად რამდენი მსხვერპლი და მხარდაჭერის საჭიროების პირი იქნება და შესაბამისად უკვე პროგრამაც ამის მიხედვით მოდიფიცირდება”, – განაცხადა მადონა დუდაშვილმა.

პროგრამით სარგებლობისთვის პირი 3 მთავარ პირობას უნდა აკმაყოფილებდეს, ესენია: ძალადობის მსხვერპლის სტატუსის ქონა, რუსთავში რეგისტრაცია და შვილის ყოლა.