საიამ ანდრეი შევჩენკოს განცხადების გამო შეიძლება სასამართლოს მიმართოს

1017

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არ ეთანხმება ცესკოს გადაწყვეტილებას ფეხბურთელ ანდრეი შევჩენკოს განცხადებასთან დაკავშირებით და სასამართლოში ჩივილს არ გამორიცხავს. ამის შესახებ საიას წევრმა ირმა პავლიაშვილმა განაცხადა. მისის თქმით, თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის მიმართ შევჩენკოს მხარდამჭერი განცხადება უკანონო აგიტაციაა.

„როგორც კი შევჩენკოს კომენტარი გავრცელდა, რომ ის კახა კალაძის მხარდასაჭერად იყო ჩამოსული და მიიჩნევდა, რომ კალაძე კარგი მერი იქნებოდა, მივმართეთ ცესკოს. ჩვენ ვაფასებთ ამ შემთხვევას როგორც სააგიტაციო ღონისძიებას. ადგილი ჰქონდა სწორედ უკანონო აგიტაციას, რადგან მასში უცხო ქვეყნის მოქალაქე მონაწილეობდა,” – განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.

ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ დღეს განაცხადა, რომ რომ ანდრეი შევჩენკოს განცხადებაში საარჩევნო კამპანიის წესები არ დარღვეულა.

“მე პირადად, ვერ ვხედავ ვერც შევჩენკოს განცხადებაში და ვერც მალდინის აზრის გამოხატვაში კამპანიის წესების დარღვევას”, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განაცხადა.

ჟვანიას თქმით, ვარსკვლავების მატჩთან დაკავშირებით ცესკოში არაერთი განცხადება შევიდა.

“მოხარული ვარ აქ ყოფნით. გულით ვუსურვებ წარმატებას ჩემს მეგობარ კახი კალაძეს. დარწმუნებული ვარ, ის კარგი მერი იქნება”, – განაცხადა შევჩენკომ დინამო არენაზე გამართული საქველმოქმედო მატჩის დასრულების შემდეგ.

წყარო: იმედინიუსი