სენაკის მერიიდან გათავისუფლებულმა ეკონომიკური სამსახურის მეორე კატეგორიის ყოფილმა უფროსმა სპეციალისტმა, დალი ქაჩიბაიამ სასამართლო დავა მოიგო. მერიას დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება და მისი თანამდებობაზე აღდგენა, სადაც ამ დრომდე არავინ დაუნიშნავთ და ვაკანსიაა გამოცხადებული. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
დალი ქაჩიბაიას ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისი იცავდა. საქმე სენაკის სასამართლოს მოსამართლე დარეჯან კვარაცხელიამ განიხილა.
ამბობს, რომ გამამართლებელ გადაწყვეტილებას ელოდა, რადგან მერიას არანაირი მტკიცებულებები არ ჰქონდა, რომ ის იმსახურებდა სამსახურიდან დათხოვნას.
“სასამართლომ ბათილად ცნო ჩემი გათავისუფლების ბრძანება. შესაგებელი იყო ცარიელი. ფაქტობრივი გარემოებები, არაფერი არ ჰქონდათ. მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ამ გადაწყვეტილებას მერია გაასაჩივრებს. მოსამართლემ უთხრა მათ, აპელაციას არ გირჩევთ, იგივე შედეგი დადგება, მტკიცებულებები არ გაქვთ და არც ქალბატონს გაუგრძელოთო სახლში ჯდომის დრო და არც ბიუჯეტი არ აზარალოთო”, – აღნიშნა დალი ქაჩიბაიამ “ლაივპრესთან” საუბარში.
რაც შეეხება მის შვილს, გვანცა მალანიას, რომელიც დედის მსგავსად გაათავისუფლეს მერიიდან, მისი საქმის განხილვა სასამართლოში გრძელდება.
დალი ქაჩიბაიას ცნობით, სახალხო დამცველის დასკვნაში, რომელიც მისი და მისი შვილის საქმეზე მომზადდა, რეკომენდაციის სახით აღნიშნულია, რომ ახალმა მერმა შეისწავლოს ეს ორი საქმე და ბათილად ცნოს დათხოვნის შესახებ გამოცემული აქტი. ამიტომ, იმედი აქვს, რომ საკითხი სასამართლოს გარეშეც შეიძლება მოგვარდეს.
დალი ქაჩიბაიამ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ წერილი სახლში ფოსტით 21 აგვისტოს მიიღო. ამბობს, რომ მასში არ იყო განმარტებული მიზეზი, რის საფუძველზე მიიღო ყოფილმა მერმა, ლევან კუპრეიშვილმა ეს გადაწყვეტილება.
მან გათავისუფლება პოლიტიკურ მოტივს არ დაუკავშირა. თქვა, რომ 2011 წლიდან “ქართული ოცნების” მხარდამჭერია, თუმცა მისი წევრი არასდროს ყოფილა. 1989 წლიდან კი “მწვანეთა პარტიის” პოლიტიკურ კომიტეტს წარმოადგენს.
დალი ქაჩიბაიამ მაშინ “ლაივპრესთან” ისაუბრა, რომ ბოლო წლებში მას გარკვეული უთანხმოება ჰქონდა მერთან.
თავის მხრივ, ლევან კუპრეიშვილმა აღნიშნა, რომ დალი ქაჩიბაია და მისი შვილი იმ მიზეზით დაითხოვა, რომ არაფერს აკეთებდნენ. მეტიც, დალი ქაჩიბაია იყო ძალიან კონფლიქტური ადამიანი, ვინც მერიის, კოლექტივის დისკრედიტაციას ეწეოდა ლანძღვა-გინებით, შეურაცხყოფებით და სამსახურში მხოლოდ დროის გაყვანის მიზნით იყო.