ექსტრემალური ქუჩები ბათუმში

396

ოფროუდი შუა ქალაქში. თუ ურეხში, ხახულის და მამია ვარშანიძის ქუჩებზე მოხვდებით, გზა სხვა არაფერს მოგაგონებთ, თუ არა ექსტრემალური სპორტის ამ სახეობას. შეიძლება თამამდ ითქვას, რომ აქ მძღოლიცა და მანქანაც ნამდვილ გამოცდას გადის. კაპიტალურად მოასფალტებული გზის იმედი ადამიანებს დაკარგული აქვთ, თუმცა მერია აქ დიდი ხანია აღარც ორმულ შეკეთებას ახდენს და აღარც ტრაქტორით ცდილობს ორმოების გასწორებას. თანამედროვე ქალაქის ყველაზე ექსტრემალური ქუჩა მაცეს ობიექტივში, ნახეთ ერთ საათში. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს. 

ვინ ბრაზიანი ხმით, ვინ კატეგორიული ტონით და ვინ კიდევ ჟესტებით მიანიშნებს მერს, ინფრასტრუქტურას მიხედოს. ეს რეალობა ურეხის დასახლებაში ხახულის ქუჩაზეა. ქუჩაზე, სადაც მოძრაობა გადატვირთულია და თვეებია მაგისტრალის როლს ასრულებს. მას შემდეგ, რაც ბაგრატიონის ქუჩა გადაიკეტა, ტრაილერებიც აქედან მოძრაობენ.

დაზიანებული გზის გამო მძღოლებთან ერთად უკმაყოფილებას მოსახლეობაც გამოთქვამს. ბრაზისგან კონტროლი რომ არ დაკარგონ და შეფასებისას ეთიკურ ნორმებს არ გასცდნენ, ადამიანების ნაწილი ცდილობს პრობლემას იუმორით მიუდგეს.

ეს ხახულის ქუჩაზე ერთადერთი ავარიული ლოკაცია არაა. მდგომარეობა კიდევ უფრო რთულია აკაკი შაინიძის შესახვევთან. ამ მონაკვეთის გავლა ორმოების გვერდის ავლის გარეშე შეუძლებელია. მძღოლები ბათუმის მერიის უყურადღებობასა და გულგრილობაზე საუბრობენ.

ეს თანამედროვე ბათუმის ოფროუდია. ყველაზე ექსტრემალური ქუჩა შუა ქალაქში. აქედან რამდენიმე მეტრში მორიგი კიდევ უფრო ავარიული მოსახვევია. ადგილობრივები ამბობენ, რომ მერიას დიდი ხანია ორმული შეკეთებაც არ უწარმოებია. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე აქ მცხოვრებლებმა გზის დაზიანებილი ნაწილის ამოვსება მიწით სცადეს.

ურეხში, სადაც ხახულის ქუჩა სრულდება ისევ ამორტიზებული მამია ვარშანიძის ქუჩა იწყება. ამ ორ ქუჩაზე მუნიციპალური ტარნსპორტის ორი ხაზი მოქმედებს. მძღოლები ამბობენ, რომ ავტობუსები მუდმივად ზიანდება. თავის მხრივ, ბათუმის მერია შემდეგ მათ შეკეთებაშიც ფულს ხარჯავს.

პრობლემაზე პასუხისმგებელ პირებს სხვა გადაღებაზე შევხვდით. იქ, სადაც მოასფალტება მიმდინარეობდა. მერმა პირობა დადო, რომ ავარიული მონაკვეთები ვიდრე კაპიტალურად გაკეთდება, დროებით გასწორდება. რატომ გახდა ეს შეუძლებელი თვეების განმავლობაში, ბათუმის კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსი გვარწმუნებს, რომ სამუშოების განხორციელებაში ხელს გადატვირთული მოძრაობა უშლიდა.

რესპონდენტები ამბობენ, რომ მსგავსი დაპირება გასულ წლებშიც არაერთხელ მოისმინეს, თუმცა დროსთან ერთად გზები მხოლოდ უფრო და უფრო დაზიანდა. რამდენად შეასრულებს დაპირებას მერია ამჯერად, ამას დრო აჩვენებს.