ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა მოსახლეობასთან შეხვედრა დაიწყო. მერის განცხადებით, შეხვედრები მერიაშიც განახლდება და მასთან კომუნიკაცია ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება.
„საარჩევნო კამპანიის დროს, მოსახლეობასთან 200-მდე შეხვედრა გავმართე. მე მაშინ ამომრჩეველს დავპირდი, რომ ეს შეხვედრები ჩემი მერად არჩევის შემდგომაც აუცილებლად გაგრძელდებოდა და მათთან კომუნიკაცია აქტიურად მექნებოდა. დღეს გონიოს მცხოვრებლებს შევხვდი. აფსაროსის ქუჩაზე დავგეგმეთ ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის, საბავშვო და მცირე რეკრეაციული სივრცის მოწყობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც ცენტრალური, ასევე შემოერთებული ტერიტორიების განვითარება.
აქვე, მინდა მივაწოდო მოსახლეობას ინფორმაცია, რომ მერიაშიც განახლდება შეხვედრები და ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს პირდაპირ კომუნიკაციას ჩემთან. შეხვედრის ჩასანიშნად შეგიძლიათ დარეკოთ მერის ადმინისტრაციაში – 0422 27 01 19. მოსახლეობასთან კომუნიკაცია და დიალოგი არის მნიშვნელოვანი და ჩვენ ამ მიმართულებით აუცილებლად ვიმუშავებთ“, – აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა.