ნინო ლაცაბიძე: ნებისმიერი თანამშრომლისგან გულგრილობა დაუშვებელია, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან მკაცრი მიდგომები

322
რუსთავის მერია

არავის არ ვაპატიებთ იმას, რომ თანხა, რომელიც გვაქვს გამოყოფილი ქალაქის ბიუჯეტიდან, დაიხარჯოს ისე, რომ არ ჰქონდეს ეფექტი, არ იყოს მორგებული მოსახლეობაზე და არ პასუხობდეს იმ გამოწვევებს, რა გამოწვევებიც გვაქვს, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ სამსახურების უფროსებთან გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგ.

როგორც რუსთავის მერმა განაცხადა, ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ეცნობოდა და გარკვეული დარღვევები დააფიქსირა. ნინო ლაცაბიძის განცხადებით, ყველა დარღვევაზე განმეორების შემთხვევაში მკაცრი რეაგირება იქნება.

„გაიზარდა ბიუჯეტი, გაიზარდა პროექტების რაოდენობა და აუცილებელია, რომ თანამშრომლებმა შეძლონ ხარისხიანი ზედამხედველობის გაწევა, რომ თითოეული პროექტი ხარისხიანად და ვადებში შესრულდეს, უფრო მორგებული იყოს მოსახლეობის საჭიროებებზე. ჩვენ ვითვალისწინებთ თითოეული მოსახლის თხოვნას და შესაბამისად, პროექტებიც იმის მიხედვით იგეგმება, ისე არ უნდა გავაკეთოთ, რომ განხორციელდეს და მოსახლეობამ რეალურად ამით ვერ ისარგებლოს. მე ვაპირებ პირადად ვიარო ყველა იმ მისამართზე, სადაც ჩვენ რეაბილიტაციას ვახორციელებთ. დაუშვებელია ნებისმიერი თანამშრომლისგან გულგრილობა თუ დავინახავთ, რა თქმა უნდა განმეორების შემთხვევაში იქნება ძალიან მკაცრი მიდგომები“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.