ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო „მწვანე პასპორტის“ შესახებ დამატებით რეკომენდაციებზე მუშაობს და მას უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე წარადგენს.
ამასთან, მინისტრის თქმით, ორნაირი „მწვანე პასპორტის“ შემოღება, გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რადგან ჯანდაცვის სამინისტროს მეცნიერებაზე დაყრდნობით არ შეუძლია კითხვებზე პასუხების გაცემა.
„იცით რომ ჩართული ვართ საერთაშორისო ქსელში და საზღვარგარეთ ვალიდური იქნება „მწვანე პასპორტის“ მხოლოდ ის ნაწილი, რითაც ევროკავშირთან ხელშეკრულება გვაქვს დადებული. რაც შეეხება დამატებით რეკომენდაციებს, ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კიდევ მუშაობს, რის შემდეგაც მომდევნო უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს წარვუდგენთ დამატებით რეკომენდაციებს, რაც გაცილებით უფრო მეტად გონივრულად მიგვაჩნია ინფექციის მაქსიმალური კონტროლისთვის. პასპორტების მსგავსი ტიპით შემოღება, რა თქმა უნდა, არის გარკვეულ სირთულეებთან დაკავშირებული, ვინაიდან, ჩვენ მეცნიერებაზე დაყრდნობით არ შეგვიძლია ამაზე პასუხის გაცემა და ჯანდაცვა ზოგადად არის მეცნიერებაზე დაყრდნობითი გადაწყვეტილებები, ჩვენ კიდევ ვამუშავებთ დამატებით რეკომენდაციებს, რომლებსაც საბჭოს კიდევ ერთხელ წარვუდგენთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.