მუქარისა და ზეწოლის ფაქტები სამცხე-ჯავახეთში

943

თვითმმართველობის არჩევნებამდე რვა დღე რჩება, ახალციხეში საარჩევნო ციებ–ცხელება პიკს აღწევს და ოპოზიციური პარტიებიც მუქარისა და ზეწოლის ფაქტებზე ალაპარაკდნენ.

მუქარისა და ზეწოლის ფაქტებს შორის, ყველაზე მასშტაბური და ხმაურიანი ასპინძაში, „ქართული ოცნების“ შტაბში საჯარო მოხელეების დაიბარება აღმოჩნდა. ასპინძა, სადაც ერთმანეთს მოქმედი გამგებელი ლევან ცაბაძე და მმართველი გუნდიდან როსტომ მაგრაქველიძე უპირისპირდებიან, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა.

7 ოქტომბერს, ასპინძის „ქართული ოცნების“ შტაბში, საჯარო მოხელეები და თვითმმართველობის სხვა თანამშრომლები შეკრიბეს. შეხვედრას „ოცნებამ“ რიგითი, სამუშაო შეხვედრა უწოდა, თუმცა, დამსწრეთა ნაწილი ამბობს, რომ მათზე ზეწოლა იყო და ისინი „ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობაზე გააფრთხილეს. შეკრებილებს „ქართული ოცნების“ რეგიონების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დიმიტრი სამხარაძე შეხვდა.

„მისი საუბარი პირდაპირ იყო მუქარა, გვეუბნებოდა, რომ პარტიის კანდიდატი როსტომ მაგრაქველიძეა და ყველამ მას უნდა დავუჭიროთ მხარი. ზუსტად ეს სიტყვები გვითხრა, მხოლოდ 41 და „ოცნების“ კანდიდატია თქვენთვის მთავარი და არავითარი სხვა, თუნდაც დამოუკიდებელი კანდიდატი ჩვენი პარტიიდან“, – გვითხრა შეხვედრიდან ნაადრევად გამოსულმა, სოფელ ორგორა–სახუდაბელში გამგებლის წარმომადგენელმა, ზურაბ ნარიმანიძემ. გამგებლის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ შეხვედრაზე ძირითადად ისინი დაიბარეს, ვინც ასპინძის მოქმედი გამგებლის, არჩევნებში მონაწილე მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ლევან ცაბაძის მხარდამჭერია. ისინი, ვინც შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, ამბობდნენ, რომ შესვლის წინ ჩხრეკდნენ და ტელეფონებს გარეთ ატოვებინებდნენ.

7 ოქტომბერი, შეხვედრა ასპინძაში, რომელზეც ჟურნალისტები არ დაუშვეს

ზეწოლაზე ახალციხეშიც საუბრობენ. პარტია „ევროპული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და მაჟორიტარობის კანდიდატი გელა დემეტრაძე ამბობს, რომ როდესაც სხვადასხვა საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ კანდიდატს არჩევდნენ, ბევრმა უარი განაცხადა: „სიჩუმე არჩიეს, არ გვეუბნებოდნენ, რატომ აღარ უნდოდათ ჩვენი კანდიდატობა, თუმცა ჩვენთვის გასაგები იყო. გარდა ამისა, ბევრი უარს გვეუბნება ჩვენი წარმომადგენელი იყოს საარჩევნო უბანზე, მათაც ეშინიათ, ახლობლები დასაქმებული ჰყავთ სხვადასხვა უწყებებში და ამიტომ. დამკვირვებლად მინდოდა ერთი ქალბატონი ამეყვანა, მთხოვა, რომ მისი სახელი და გვარი არ გამომეაშკარავებინა. მერე მოვიდა და თქვა უარი იმიტომ, რომ ბენეფიციარია უფასო სასადილოში. იქ უთქვამთ, თუ ჭკვიანად არ იქნებით და არ შემოხაზავთ 41–ს, შეიძლება გადაიხედოს სიები ბენეფიციარების და ვიღაცეები ამოირიცხოსო. გარდა ამისა, ზამთრის შეშისთვის მერიისგან ფულის ჩარიცხვას ელოდებიან, ვინც არ შემოხაზავს 41–ს, დარჩება ამ ზამთარს შეშის გარეშეო. ეს, სულ რაღაც, ერთი კვირის წინ მოხდა. ამას გარდა, კანდიდატები მეზობლებთან და ნათესავებთან დადიან, თუ მხარს არ დამიჭერთ, სამსახურიდან გამიშვებენო”.

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის მერობის კანდიდატი ირაკლი ბარძიმაძე ამბობს, რომ მუქარსა და ზეწოლის გამო, სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე უკვე ექვსზე მეტი წარმომადგენელი შეცვალა.

“მე მყავდა ერთ სოფელში ძალიან კარგი კანდიდატი, საკრებულოს წევრობის კანდიდატი. რომ გაიგეს, იმ ღამეს თავს დაესხნენ გამგეობიდან, იმიტომ რომ გამარჯვების დიდი შანსი ქონდა. ტირილით მოვარდა მეორე დღეს ადამიანი, მომხსენით, აღარ მინდაო”, – ამბობს “პატრიოტთა ალიანსის” მერობის კანდიდატი ახალციხეში ჯუმბერ ინასარიძე.

მუქარის გამო კანდიდატურების დატოვება მოუწიათ ბორჯომშიც. დვირის საარჩვენო ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობაზე უარი თქვა ალექსი პაპიძემ. ბორჯომის მერობის კანდიდატი ვალერი გრიგალაშვილი აცხადებს, რომ მასზე ზეწოლა „ქართული ოცნებისა“ და ბორჯომში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მხრიდან მოხდა.

ზეწოლაზე საუბრობენ ადიგენშიც. „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი დაბა ადიგენში, მურმან წითაშვილი, ამბობს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს ადიგენის ვეტერინარულ სამსახურში, სადაც მუშაობს, ხელმძღვანელმა, ამიტან ჭიტაძემ დაიბარა და კანდიდატურის მოხსნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრა. პარტიამ აღნიშნულზე უწყებათაშორის კომისიასაც მიმართა. ეს ფაქტი მოხვდა „სამართლიანი არჩვენების“ მეორე შუალედურ ანგარიშშიც.

ამ შემთხვევაზე “ევროპული საქართველოს” ოფისში ბრიფინგიც გაიმართა. ფოტოზე: პარტიის მერობის კანდიდატი ადიგენში გელა სარაშვილი და სერგი კაპანაძე

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ანგარიშში მოხვდა ახალქალაქში, „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატის სამველ პეტორსიანისა და მისი შვილის მხრიდან საარჩევნო ოლქის თავმჯდომარეზე ჰასმიკ მარანგოზიანზე სიცოცხლით მოსპობით მუქარა. თუმცა ამ დროს პეტროსიანი პარტიას მერობის კადიდატად დასახელებული არ ჰყავდა. ამის შესახებ, ინფორმაცია ცესკომ გაავრცელა და არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში უხეში ჩარევისაგან თავშეკავებისაკენ მოუწოდა.

ოპონენტების დაშინებისა და ზეწოლის ფაქტები, სამცხე–ჯავახეთში ჯერ კიდევ იქამდე დაიწყო, ვიდრე საარჩევნო ციებ–ცხელება დაიწყებოდა.
მიმდინარე წლის ივლისში, „ნაციონალური მოძრაობის“ ურავლის კოორდინატორს ბეგლარ კაპანაძეს, მის მამასა და შვილს, რამდენიმე პირი ფიზიკურად გაუსწორდა იმის გამო, რომ წინა არჩევნებში მათ სასარგებლოდ არ იმუშავა. თავდამსხმელებს შორის ხუთი სხვადასხვა საჯარო უწყებებში დასახელებული პირი იყო. ხუთივე მათგანი პასუხისგებაში მისცეს, თუმცა ამ პირების საქმის სასამართლო განხივლა ამ დრომდე არ დაწყებულა.

ნაცემი მამა–შვილი

ეს ფაქტი ასევე მოხვდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშში. მომხდართან დაკავშირებით, საიამ წერილობით მიმართა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას და აღნიშნული საქმის შესწავლა მოითხოვა. საქმის შესწავლა დაიწყო სახალხო დამცველის აპარატმაც.

მიუხედავად ამ ფაქტებისა და ოპოზიციის განცხადებებისა, საოლქო საარჩევნო კომისიებში ზეწოლისა და მუქარის შესახებ საჩივრები არ შესულა.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე