თურნავა: „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმის ფარგლებში შეიცვლება მენეჯმენტი და სტრუქტურები – რებრენდინგის შემდეგ მას დაერქმევა „საქართველოს განვითარების ფონდი“

367

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სხვადასხვა მიმართულებით „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმირება იგეგმება. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, „საპატრიორო ფონდი“ უფრო თანამედროვე სტრუქტურად უნდა ჩამოყალიბდეს.

„დიდი ხანია „საპარტნიორო ფონდთან“ ერთად ვმუშაობთ ამ მნიშვნელოვანი ჰოლდინგის რეფორმირებაზე სხვადასხვა მიმართულებით. დღეს უკვე ჩამოყალიბებულია კანონპროექტი, რომელიც სულ მალე წარედგინება მთავრობას და შემდეგ უკვე პარლამენტს დასამტკიცებლად. ამ კანონპროექტის მიხედვით, პირველ რიგში, მოხდება „საპარტნიორო ფონდის“ რებრენდინგი, მას დაერქმევა „საქართველოს განვითარების ფონდი“. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ რა თქმა უნდა, მთლიანად არ ასახავს იმ სიახლეს, რასაც „საპარტნიორო ფონდთან“ მიმართებით ვგეგმავთ. „საპარტნიორო ფონდი“, როგორც ინსტრუმენტი, ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოში ბიზნესს დაფინანსების სხვადასხვა დივერსიფიცირებული მექანიზმები სჭირდება, მათ შორის კაპიტალი, რომლის წყაროსაც წარმოადგენდა დღემდე „საპარტნიორო ფონდი“, თუმცა, უფრო თანამედროვე სტრუქტურა უნდა იყოს შექმნილი“, – განაცხადა თურნავამ.

მისი განმარტებით, რეფორმის ფარგლებში შეიცვლება ფონდის მენეჯმენტი და სტრუქტურები.

„იარსებებს დამოუკიდებელი, პროფესიული ნიშნით შერჩეული სამეთვალყურეო საბჭო, დღემდე სამეთვალყურეო საბჭოში უშუალოდ მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, მთავრობის წევრების ნაცვლად, იქნება დამოუკიდებელი, პროფესიული ბორდი. გარდა ამისა, ნათია თურნავას განმარტებით, „საპარტნიორო ფონდის“ რესტრუქტურიზაციის გეგმა მომზადდება.