რა შენიშვნებით დაუბრუნა წინა მოწვევის საკრებულოს წევრებმა ოზურგეთის მერიას ბიუჯეტის პროექტი

600

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულო მუშაობას ჯერ კიდევ არ შესდგომია. აქედან გამომდინარე, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტზე (რომელიც ოზურგეთის ყოფილი მერის, კონსტანტინე შარაშენიძის უფლებამოსილების შეწყვეტამდე ცოტა ხნით ადრე წარედგინა საკრებულოს), მუშაობა წინა მოწვევის საკრებულოს წევრებმა იკისრეს. ამის შესახებ გურიანიუსი წერს.

როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი, უკვე ყველამ კომისიამ გააკეთა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტზე დასკვნა და ეს დოკუმენტები გადაეგზავნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას.

“გურიია ნიუსი“ გთავაზობთ ორი კომისიის მიერ წამოყენებულ შენიშვნებს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ლელა საჯაიას ხელმოწერილ დასკვნაში აღნიშნულია:

„პროექტი მოიცავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტისათვის სავალდებულო მონაცემებს: გასული, მიმდინარე, დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის და დასაგეგმის შემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოს მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებს და მათ ფარგლებში განხორციელებულ პროგრამებს და ქვეპროგრამებს, რომლებიც თავის მხრივ, ეყრდნობა გასული საბიუჯეტო წლის შედეგების ანალიზს და მიმდინარე წლის პროგნოზებს. მასში სათანადოდაა წარმოდგენილი პროგრამების, ქვეპროგრამების მიზნები და მისაღწევი შედეგები, ასევე ამ შედეგების შესრულების შეფასების ინდიკატორები, მითითებულია პრიორიტეტებით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო დაფინანსების ოდენობები.

თუმცა, პროექტში ნაკლებადაა წარმოდგენილი გამოწვევები, რისკები და საფრთხეები, რომლებიც, ძირითადად, ეხება პანდემიის შედეგად გაზრდილ უმუშევრობის დონეს, ახალგაზრდებისათვის სამუშაო ადგილების ნაკლებობას, ბიზნესის ხელშეწყობას და ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას;

ბიუჯეტის აღწერილობით ნაწილში ნაკლები ინფორმაცია დევს სამედიცინო დაწესებულებების, ამბულატორიების, თემებში არსებული კონკრეტული გამოწვევების შესახებ. ნაკლებად ან საერთო არა არის ინფორმაცია ტურისტული და რეკრეაციული ზონების, ასევე კულტურული ძეგლების შესახებ. არ ჩანს კონკრეტულ სერვისებზე ხელმისაწვდომობა მაგ; ინტერნტეზე, ტექნოლოგიებზე, კანალიზაციასა და წყალმომარაგებაზე. პროექტი არ არის წარმოდგენილი ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზით.

განათლების მუხლში, რომლითაც ხორციელდება სკოლამდელი განათლების, ასევე ზოგადი, პროფესიული და ზრდასრულთა განათლების და ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა, არ არის გათვალისწინებულია სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალის ხელფასის ზრდა.

მუნიციპალიტეტისთვის კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება შშმ პირებისთვის ინტეგრაციის საკითხი. სამწუხაროდ, არამცთუ მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობაც კი არ არის ადაპტირებული და შშმ პირებზე მორგებული. სამწუხაროა, რომ 2022 წლის ბიუჯეტშიც ვერ მოიძებნა თანხა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში შშმ ოირებზე გათვლილი ლიფტისა და ადაპტირებული სველი წერტილების მოსაწყობად.

მისასალმებელია, რომ ბიუჯეტი იძლევა მოსახლეობის გენდერული ინტერესების დაცვის შესაძლებლობას. მუნიციპალურ პროგრამათა პრიორიტეტები განსაზღვრულია გენდერული ასპექტის გათვალისწინებით, შემუშავებულია კულტურულ ცხოვრებაში მოქალაქეთა ჩართულობისა და შემოქმედებითი საქმიანობის უზრუნველყოფის, განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობისა და გენდერულად ორიენტირებული სკოლამდელი და სკოლისგარეშე აღზრდის პოლიტიკა.

ბიუჯეტის პროექტს თან არ ერთვის კვლევებისა და ანალიზის საფუძველზე მომზადებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროებში განსახორციელებელი პრიორიტეტული პროგრამების მოქმედების წესი, რომლის გარეშე შესაძლებელია სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამების სერვისის მიწოდება განხორციელდეს დასა გაკონტროლდეს ობიექტურად.“

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ ლავრენტი ბიგვავამ და მისი კომისიის წევრებმა შემდეგი სახის შენიშვნები გაუგზავნეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას.

“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტი ნაწილობრივ აკმაყოფილებს საბიუჯეტო კოდექსის და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროგრამული ფორმათი შედგენის მეთოდოლოგიას. შესაბამისად, საბიუჯეტო განაცხადის პროექტი ხარვზიანია და ექვემდებარება გადამუშავებას.

ბიუჯეტის პრიორიტეტი – “ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია“, ქვეპროგრამები: “საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა“, “წყლის სისტემის განვითარება“, “საზოგადოებრივი სივრცეების განვითარება“, “ბინათმშენებლობა“, “გარე განათება და ელ.მომარაგება“, “მუნიციპალური ტრანსპორტი“, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“, – ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები და პროექტები მოითხოვს: 1. განსახორციელებელი პროექტების კონკრეტიზაციას; 2. განსახორციელებელი სამუშაოების, ღონისძიების და პროექტების ლოკაციების დაზუსტებას; 3.განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების მოსალოდნელი შუალედური და საბოლოო შედეგებისა და მათი შეფასების ინდიკატორების განსაზღვრავს; 4. 2020 წლის საბიუჯეტო პროექტებში გათვალისწინებული გენდერული აქცენტების ინდიკატორების განსაზღვრას,რომლებმაც უნდა უზრუნველყონ მათი რეალურობის, მიღწევადობის და გაზომვადობის მაჩვენებლების ობიექტურობა“, – აღნიშნულია ლავრენტი ბიგვავას მიერ დაწერილ დასკვნაში.

“გურია ნიუსი“ ამ საკითხთან დაკავშირებით აგრძელებს მუშაობას და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პოზიციას აუცილებლად შემოგთავაზებთ.

2022 წლის ბიუჯეტის პროექტი 27 650.0 ლარით განისაზღვრა.