ბათუმის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატის, ნატალია ზოიძის თქმით, მმართველ გუნდს ჰქონდა მოლოდინი, რომ ახალი მოწვევის საკრებულო, რომელიც ოპოზიციურია, ბიუჯეტის პროექტს არ დაამტკიცებდა და მისი მიღება სწორედ ამ მიზეზით დააჩქარეს.
როგორც მან აღნიშნა, ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტი “იმდენად კარგია”, რომ მასში “მოსახლეობისთვის საჭირბოროტო ყველა საკითხია გათვალისწინებული”.
“სწორედ ასეთი დესტრუქციულობით აპირებენ, სამომავლო ქმედებებზე უკვე გაშიფრულები არიან. ასეთ ვითარებაში, რა მოცემულობაცაა, შესაძლებელია, რომ იყოს გაურკვეველი თუნდაც რანაირად დალაგდება მომავალი საკრებულო, როგორ იქნება ხმები გადანაწილებული. ეს ყველაფერი ბუნებრივია, გაახანგრძლივებდა თუნდაც ბიუჯეტის მიღების პროცესს და რაც მთავარია, იმდენად კარგი ბიუჯეტია, თითქმის ყველა მსხვილი მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხი გათვალისწინებულია, რომ რა მნიშვნელობა ჰქონდა… პირიქით, შემოერთებულიყვნენ უნდა და ჩვენთან ერთად განხილვებსაც დასწრებოდნენ. ერთი რეკომენდაციაც არაა, თუ რაიმე საწინააღმდეგო ჰქონდათ ამ დოკუმენტის მიმართ”, – თქვა ნატალია ზოიძემ.
ბიუჯეტის პროექტს ბათუმის ისტორიაში “უპრეცედენტოს” უწოდებს ქალაქის მერი არჩილ ჩიქოვანი:
“მნიშვნელოვანია, რომ დღეს ბათუმის საკრებულომ დაამტკიცა მომდევნო წლის ბიუჯეტი, რომელიც განისაზღვრა საკმაოდ სოლიდურად, უპრეცედენტოდ 254 მილიონ 47 ათასი ლარით. ეს არის ბათუმის ისტორიაში უპრეცედენტო ბიუჯეტი. ბიუჯეტში ასახულია ყველა ის მიმართულება, რაც ქალაქის განვითარებისათვის და მოქალაქეების პრობლემების მოგვარებისათვის არის საჭირო”, – თქვა ჩიქოვანმა.
ცნობისთვის, ბათუმსა და ზუგდიდში დღეს საკრებულოს სხდომები გაიმართა, სადაც “ქართული ოცნების” დეპუტატებმა 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. პროცესი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე გაიმართა. ოპოზიციის დეპუტატები სხდომებზე არ დაუშვეს, ხოლო ისინი, ვინც შესვლა მოახერხა, შენობებიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. გარდა ამისა, პოლიციამ აჭარის უმაღლეს საბჭოსთან და ზუგდიდის საკრებულოსთან საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.