ქუთაისის ბაღების გაერთიანების ბიუჯეტი იზრდება – რისთვის დაიხარჯება 14 მილიონზე მეტი

340

ა(ა)იპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების 2022 წლის ბიუჯეტი 2 მილიონი ლარით იზრდება.
მომდევნო წლის ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის სამუშაო ვერსიის მიხედვით, ბაღების გაერთიანების ბიუჯეტი 14 250 000 ლარი იქნება. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი განმარტავს, რომ თანხა მხოლოდ ხელფასების ნაწილში იზრდება. საუბარია 10 მილიონ ლარზე მეტზე.

“ეს თანხა, ძირითადად, თანამშრომლების ხელფასებისათვის არის განსაზღვრული. როგორც ვიცით, მომავალი წლიდან ხელფასების 20%-იანი მატებაა. მოხდება მისი გადანაწილება და თუ რამე ნაშთი მორჩება, ინფრასტრუქტურაზე ან კვებაზე წავა. მოგეხსენებათ, პანდემიის გამო ბაღებში აღსაზრდელების დასწრება შემცირებულია, შესაბამისად, არ ვიცით რა რაოდენობის თანხა დაგვჭირდება კვებაზე”, – ამბობს დავით წიტაიშვილი.

ბაღების გაერთიანების მიმდინარე წლის ბიუჯეტი 12 მილიონ 250 000 ლარია. აქედან, 8 მილიონ 480 000 თანამშრომლების ხელფასებს ხმარდება, 2 მილიონი კვებაზე იხარჯება, ხოლო დანარჩენი, ადმინისტრაციის სხვადასხვა საჭიროებისთვისაა განსაზღვრული.

ქალაქში 37 საბავშვო ბაღია, სადაც 1 800 ადამიანია დასაქმებული. თანამშრომელთა ხელფასი 300 ლარიდან 600-ლარადე მერყეობს. გაერთიანების ხელმძღვანელის ხელფასი 2000 ლარს შეადგენს.

ქუთაისის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი 82 მილიონი ლარი იქნება.