ოპოზიციის მიზანი მუნიციპალიტეტის ჩიხში შეყვანა იყო, ამას ვერ დავუშვებდით – ზუგდიდის მერი ბიუჯეტის დამტკიცებაზე

347

წინა სტატია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ამბობს, რომ მოქმედი საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილება, რომლითაც დამტკიცდა მომდევნო, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი, ლეგიტიმური და სამართლიანია. ამის შესახებ მამუკა წოწერიამ ჟურნალისტებს, სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

მისი მტკიცებით, საბიუჯეტო პროცესი წარიმართა საბიუჯეტო კოდექსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული ყველა პროცედურის და ვადების დაცვით. “დესტრუქციული ოპოზიციის” მიზანი კი, როგორც აღნიშნა, არის არა საფინანსო დოკუმენტის მოცულობა, მისი ძირითადი პარამეტრები, გადანაწილება სხვადასხვა მიმართულებით, არამედ ინსტრუმენტი, რომ მუნიციპალიტეტი ჩიხში შეიყვანონ, კრიზისში და მომავალ წელს გააჩერონ მუნიციპალიტეტი. ამას, მამუკა წოწერიას თქმით, ვერ დაუშვებდნენ.

“აქედან გამომდინარე, როგორც ლეგიტიმურია დღევანდელი საკრებულოს გადაწყვეტილება, მოქმედი საკრებულოს გადაწყვეტილება, ასევე არის სამართლიანი იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტმა თავისი ფინანსური გეგმის შესაბამისად განაგრძოს განვითარება, განაგრძოს ყოველდღიური ცხოვრება. აქედან გამომდინარე, მე ვულოცავ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, რომ ბიუჯეტი მიღებულია და ხვალიდან დაიწყება ფიქრი იმ კონკრეტული გეგმების შესრულებაზე მომავალი წლიდან, რომელიც აუცილებლად უნდა განვახორციელოთ და ჩვენი თითოეული მოქალაქე ამას იგრძნობს, საგრძნობ ტემპებს განვითარების”, – განაცხადა მერმა.

კითხვის პასუხად, რომ გასულ წლებში ბიუჯეტს საკრებულოყოველთვის წლის ბოლოს ამტკიცებდა, მამუკა წოწერია ამბობს, რომ წინა წლების ტენდენციები არ არის განმსაზღვრელი იმის, თუ როდის მიიღებენ მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს. მისი განმარტებით, მთავარია ეს კანონიერად, პროცედურების სრული დაცვით მოხდეს. მერი ირწმუნება, რომ ისინი სწორედ კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ, როგორც სამართლებრივ სახელმწიფოს შეეფერება.

ახალი ბიუჯეტი განისაზღვრა 47 მილიონ 200 ათასი ლარით. მამუკა წოწერიას თქმით, პრიორიტეტია ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, გარემოს დაცვა, ახალგაზრდობა, კულტურა, სპორტი და კიდევ სხვა მიმართულებები.

“ბიუჯეტით გარანტირებულია ამ პრიორიტეტების მიღწევა და იმ გეგმების მიღწევა, რომელიც მომავალი წლისთვის არის დაგეგმილი”, – აღნიშნა მან.

ზუგდიდის 2017 წლის მოწვევის საკრებულომ მიიღო 2022 წლის ბიუჯეტი. საკრებულოს სხდომას მხოლოდ უმრავლესობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.მანამდე ოპოზიცია პოლიციამ ძალის გამოყენებით გააძევა დარბაზიდან.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ფინანსური დოკუმენტი ნოემბერში მიიღეს. როგორც წესი, ბიუჯეტს წარმომადგენლობითი ორგანო დეკემბრის ბოლოს ამტკიცებდა.

უფრო ადრე, ოპოზიცია შეეცადა სხდომა ჩაეშალა, რომელიც მათივე განმარტებით, უკანონოდ გეგმავს იმ ფინანსური დოკუმენტის მიღებას, რომელზეც პასუხისმგებლობა ახალმა საკრებულომ უნდა აიღოს.

ანა წითლიძის განმარტებით, ახლადფორმირებული საკრებულოს პირობებში მმართველ პარტიას არ აქვს უმრავლესობა და პროექტის ორჯერ ჩავარდნის შემთხვევაში, მერის და საკრებულოს ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს. ადგილობრივი ხელისუფლების მიზანი კი, სწორედ ამ პროცესის თავიდან არიდება იყო.