ბათუმის საკრებულოში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრა განახლდა. სხდომათა დარბაზთან რჩებიან აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც დარბაზში შესვლას ცდილობენ, თუმცა ამის საშუალებას დაცვის თანამშრომლები არ აძლევენ. როგორც შენობაში ასევე შენობის გარეთ სამართალდამცავებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის პერიოდულად სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ხდება.
სხდომის პარალელურად, საკრებულოს შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
„არჩილ ჩიქოვანო შენ ხარ მონა, სისხლიანი, სად წაიღე მიშასთან გადაღებული ფოტო?! შენ არ ხარ არჩეული მერი, მხოლოდ მოსყიდვისა და შანტაჟის ფონზე მოგიყვანა „ქართულმა ოცნებამ“, მალე დავასრულებთ ამ რეჟიმს“, – განუცხადეს საკრებულოს შენობასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა ბათუმის მერ არჩილ ჩიქოვანს.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა მირდატ ქამდაძემ საკრებულოს სხდომათა დარბაზში სპეციალური ხსნარი გაუშვა, რის გამოც სხდომა შეწყდა.
ქადამაძის განმარტებით, აღნიშნული ხსნარი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა მისი სუნის გამო, დეპუტატებს დარბაზის დატოვება მოუწიათ.