ბათუმის საკრებულოში ხმაური და დაპირისპირებაა. ბიუროს სხდომაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო, ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ. ადგილზე იმყოფებიან ენმ-ს ლიდერები გიორგი კირთაძე, მირდატ ქამადაძე, ელგუჯა ბაგრატიონო. ასევე პარტია “ლელოს” წევრი ირაკლი კუპრაძე და სხვები. ვითარება დაძაბულია.
ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ დღევანდელი ბიუროს სხდომა არალეგიტიმურია. ოპოზიციის წევრების თქმით, „ქართული ოცნება“ დაჩქარებული წესით ცდილობს ახალი საკრებულოს შეკრებამდე მოხდეს მომავალი წლის ბიუჯეტი დამტკიცება და ამას არ დაუშვებენ.
“თქვენ ხართ ვადაგასულები, არალეგიტიმურები ხართ, სულიკო წადი სახლში, მოვიდეს ახალი საკრებულო,”- ასე მიმართავენ წინა მოწვევის საკრებულოს წევრებს ახალარჩეული დეპუტატები ოპოზიციიდან.
თავის მხრივ, მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ეს არის დაგეგმილი პროვოკაცია და ძველი მოწვევის საკრებულოს ბიუჯეტის დამტკიცების უფლება აქვთ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ ბიუროს სხდომაზე საკითხების ფურცელი დახია.
ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველები, ისინი ახალარჩეული საკრებულოს წევრების შენობიდან გაყვანას ცდილობენ.
ბიუროს წევრებს ხვალინდელ სხდომაზე 2022 წლის ბიუჯეტის გატანისა და დამტკიცების საკითხი უნდა განეხილათ. ახალი მოწვევის დეპუტატები ფაქტს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი ძველი მოწვევის საკრებულომ არ უნდა დაამტკიცოს.
ახალი მოწვევის საკრებულოში “ქართული ოცნება” უმცირესობაშია. მას 16 მანდატი აქვს, ხოლო ოპოზიციას – 19.