კოვიდგადატანილი მოქალაქეები, რომლებსაც ვაქცინის ორივე დოზა გაკეთებული არ აქვთ, საზღვარგარეთ “მწვანე პასპორტით” უვადოდ ვერ ისარგებლებენ. ამასთან დაკავშირებით განმარტება დღეს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, ასეთი პირები სხვა ქვეყნებში მწვანე სტატუსით მხოლოდ ვირუსის დადასტურებიდან 6 თვის განმავლობაში შეძლებენ სარგებლობას, ამის შემდეგ კი დასჭირდებათ ისეთი “მწვანე პასპორტი”, რომლითაც დასტურდება, რომ ვაქცინის ორივე დოზა აქვთ გაკეთებული.
“საქართველოში გარკვეულ დაწესებულებებში იმოქმედებს უვადო პასპორტი, თუმცა ევროპაში და მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში დაგვჭირდება გამოვიყენოთ ის ბაზა, რომელსაც საქართველო წარმატებით დაუერთდა და იქ ამ პასპორტის ვარგისიანობის ვადა არის ექვსი თვე”, – თქვა ტიკარაძემ.
ტიკარაძე აცხადებს, რომ უვადო მწვანე პასპორტის სისტემა მხოლოდ საქართველოში იმოქმდებს, საზღვარგარეთ გამგზავრების დროს კი საქართველოს მოქალაქეებს მიმღები ქვეყნის პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ, რაც ხშირ შემთხვევაში ნიშნავს, რომ მწვანე სტატუსი აქვს იმ მოქალაქეს, რომელმაც კოვიდი ბოლო 6 თვეში გადაიტანა.
“ზოგადად, საქართველოს მსგავსი ქვეყანა მსოფლიოში მეორე არსად არ არის. ჩვენ ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ და ასევე განსაკუთრებულები ვართ ორი მწვანე პასპორტით, უვადო მწვანე პასპორტით. ეს ყველაფერი ალბათ გამომდინარეობს ჩვენი გენეტიკიდან და ხასიათიდან. თითოეული ჩვენგანი ქართველი ვართ და გაგვაჩნია ჩვენი დამოკიდებულება. პირადად მე ვთვლი ,რომ ნიშვნელოვანია საზოგადოება ეტაპობრივად შეეგუოს იმ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს და თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის გაცილებით უფრო მარტივია დაყვეს გარკვეულ წესებს, საქართველოში რატომღაც ეს დღემდე რთულია. აქედან გამომდინარე, იმ დაძაბული სოციალური, ეკონომიკური და პანდემიური ფონის პირობებში ალბათ ცუდი გადაწყვეტილება არ არის, რომ ჩვენს მოქალაქეებს მეტი მოქნილობა ექნებათ. საქრათველოში გარკვეულ დაწესებულებებში იმოქმედებს უვადო პასპორტი, თუმცა ევროპაში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში დაგვჭირდება გამოვიყენოთ ის ბაზა, რომელსაც საქართველო წარმატებით მიუერთდა, იქ ამ პასპორტის ვარგისიანობის ვადა 6 თვეა”,-აცხადებს ტიკარაძე.