სამართალდამცველები “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს აჭარის მთავრობის სახლში შესვლის უფლებას არ აძლევენ

276

წინა სტატია

აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრები მთავრობის სახლში შესვლას ითხოვენ, რის უფლებასაც სამართალდამცველები არ აძლევენ.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბონდო თედორაძე აცხადებს, ისინი გეგმავენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს გავრცელებული აუდიო ჩანაწერი მოასმენინონ.

მათი განცხადებით, „თორნიკე რიჟვაძე და მისი მამა მკვლელ ხელისუფლებას წარმოადგენენ“, რომლებიც საკრებულოებში უმრავლესობის შესაქმნელად ოპოზიციონერ წევრებზე ზეწოლასა და შანტაჟს ახორციელებენ.

სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.

აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილი არიან მუნიციპალიტეტებიდან საკრებულოების ახალი მოწვევის ოპოზიციონერი დეპუტატები.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ნუგზარ ფუტკარაძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით, მოსყიდვის სანაცვლოდ 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ. როგორც პარტიის წევრი გიორგი კირთაძე აცხადებს, მათ შესაბამის მტკიცებულებად აუდიო ჩანაწერი აქვთ.