ვინ იქნება ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე

638

ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულო, სავარაუდოდ, 13 დეკემბერს შეიკრიბება. ამ დღეს გაირკვევა ვინ გახდება მეშვიდე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.

“ქართული ოცნების” პროპორციული სიის მიხედვით, თავმჯდომარეობის კანდიდატი საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, დიმიტრი მხეიძეა, რომელიც მმართველი პარტიის სიის პირველი ნომერია, თუმცა, დიმიტრი მხეიძემ ქუთაისიპოსტთან საუბარში, მისი ამ პოსტზე შესაძლო არჩევა, ჯერ კიდევ არჩევნებამდე უარყო და თქვა, რომ უფრო რეალური კანდიდატი მოქმედი თავმჯდომარე, ირაკლი შენგელიაა.

“საკრებულოს თავმჯდომარედ, სავარაუდოდ, ირაკლი შენგელია დარჩება. ჩემთან ამაზე კონსულტაციები არ ყოფილა. პირველი ნომერი არ ნიშნავს, რომ მე ვიქნები ამ პოსტზე”, – აცხადებდა ყოფილი მაჟორიტარი.

ირაკლი შენგელია, რომელიც ამჯერადაც გამარჯვების ოლქის მაჟორიტარად აირჩიეს, ამბობს, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა, შეთავაზების შემთხვევაში გააგრძელებს თუ არა მუშაობას თავმჯდომარის პოსტზე, არ პასუხობს.

“მსჯელობა ამ ეტაპზე გუნდში არ ყოფილა, შესაბამისად ვერ დაგიდასტურებთ. ამ კონკრეტულ საკითხზე, თუ ვინ იქნება ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე, გუნდი იმსჯელებს, მათ შორის, პარტია ქართული ოცნება და მიიღებს გადაწყვეტილებას. ამ ეტაპზე, გახლავართ საკრებულოს თავმჯდომარე, რა იქნება მომავალში, ეს საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი”, – განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

ქუთაისის მეშვიდე მოწვევის 35 წევრიან საკრებულოში, “ქართულმა ოცნებამ” 18 მანდატი მოიპოვა, ოპოზიციამ – 17. მმართველ პარტიას ხუთი მაჟორიტარი ეყოლება, ოპოზიციას – ორი.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, მუშაობას უკვე შეუდგა ახალარჩეული მერი იოსებ ხახალეიშვილი.