აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, თუ მისი ოჯახის წევრი რომელიმე ჩანაწერში არ ფიგურირებს, ის ყველას ბოდიშის მოხდას მოსთხოვს.
საქმე ეხება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ გასაჯაროებულ სკანდალურ აუდიო ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ბათუმის საკრებულოს დეპუტატს ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა ფორმებით ემუქრებოდნენ, რამდენიმე დღეში კი ნუგზარ ფუტკარაძე გულის შეტევით გარდაიცვალა. საქმეში ფიგურირებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა დავით რიჟვაძეც.
თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ თუ ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებში მისი ოჯახის წევრი რეალურად არ ფიგურირებს, “ყველას მოსთხოვს ბოდიშის მოხდას”.
“მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და სწორედ ამ ადამიანის ხსოვნაც, მისი სახელის მოფრთხილებაც ითვალისწინებს, რომ მეტად ღირსეულად მოექცნენ მათივე თანამებრძოლები.
რაც შეეხება წინასწარ დაანონსებულ რაღაც ჩანაწერებს, ბუნებრივია, ამაზე და მათ შინაარსზე მე ვერ გავაკეთებ კომენტარს, თუმცა მერწმუნეთ, რომ თუ მათ შორის ჩემი ოჯახის წევრი, რომელიმე ჩანაწერში არ ფიგურირებს, ყველას მოვთხოვ ბოდიშის მოხდას”, – თქვა თორნიკე რიჟვაძემ.
ცოტა ხნის წინ, ბათუმში “ნაციონალურმა მოძრაობამ” ბრიფინგი გამართა, სადაც ბათუმის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გიორგი კირთაძემ თქვა, რომ ბათუმის ახალი საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე ასლან აბაშიძისდროინდელი ორი ძალოვანი, თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით, ზეწოლას ახდენდა.
კირთაძის თქმით, ოცნებას საკრებულოში უმრავლესობისთვის “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციიდან ერთი დეპუტატის გადაბირება სჭირდებოდა, ერთ-ერთი პირველი კი, ვისზეც ზეწოლა დაიწყო, ნუგზარ ფუტკარაძე იყო.
კირთაძემ ბრიფინგზე გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, მისივე თქმით, ისმის, როგორ სთავაზობენ ფუტკარაძეს “ქართულ ოცნებაში” გადასვლის სანაცვლოდ 100 000 დოლარს.