უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციური ეფექტურობის გაძლიერების მიზნით ხორციელდება, – ამის შესახებ უმაღლესი საბჭოსა და ღია მმართველობის საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ განაცხადა.
უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის ვალდებულებების შესრულების ანგარიში განიხილეს ამავე საბჭოს 22 ნოემბრის სხდომაზე.
შესაბამისი მოხსენება უმაღლესი საბჭოსა და ღია მმართველობის საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, გეგმის ფარგლებში ნაკისრი 15 ვალდებულებიდან უმეტესი ნაწილი შესრულებულია, ნაწილზე კი ისევ მიმდინარეობს.
სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტში განხორციელდა ცვლილებები, შემუშავდა სახელმძღვანელო დოკუმენტები (კონცეფციები, სტრატეგიები), გადამზადდნენ აპარატის თანამშრომლები, მიმდინარეობს მუშაობა ვებ-პლატფორმაზე, მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის მოწყობა-აღჭურვაზე, შემუშავებულია შესაბამისი კონცეფცია, ასევე კონცეფცია ადაპტირებული სერვისებისათვის. ამ დროისათვის სრულადაა ადაპტირებული უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდი, მიმდინარეობს შენობის ადაპტირებისათვის საჭირო სამუშაოები. შემუშავდა ჟურნალისტთა აკრედიტაციის წესი, გაიცა სააკრედატიციო ბარათები მედიის წარმომადგენლებზე.
ამასთან ერთად, მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ უმაღლეს საბჭოში უკვე შესაძლებელია წერილობითი პეტიციის შემოტანა. მზადების პროცესშია ელექტრონული პეტიციის პლატფორმაც, რომელიც იანვრიდან ამოქმედდება. შესაბამისი პლატფორმის გაშვების შემდეგ, შესაძლებელი იქნება ელექტრონული საშვის მიღებაც, პლენარულ და საკომიტეტოს სხდომებზე დასწრების ჩანიშვნა, ონლაინ რეჟიმში დასწრება. მიმდინარეობს მუშაობა რიგ სხვა მნიშვნელოვან სიახლეებზეც, რომლებიც უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციური ეფექტურობის გაძლიერების, ღიაობის პრინციპების დანერგვის, გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით ხორციელდება.
საბჭოს შექმნით, საკანონმდებლო ორგანო ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივას შეუერთდა.
ასევე სხდომაზე დაიგეგმა ღია მმართველობის საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის შემაჯამებელი შეხვედრაც, რომელიც დეკემბრის მეორე ნახევარში გაიმართება. საკონსულტაციო ჯგუფი აჭარაში მოქმედ 11 ორგანიზაციას აერთიანებს.
საბჭოს წევრებმა დავით გაბაიძის მიერ წარმოდგენილი საკითხები ცნობად მიიღეს.