ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში მოსახლეობამ ეკონომიკის სამინისტროს მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შესახებ გაცემულ ლიცენზიები გააპროტესტა. კვირას, 21 ნოემბერს, ადგილობრივების გარდა შქმერში ჩასულები იყვნენ მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, მათ შორის ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტები. მოსახლეობა ამბობს, რომ მათ ხელშეკრულებაზე ხელი მოტყუებით მოაწერინეს. ამის შესახებ on.ge წერს.
“ერთ-ერთი მეცა ვარ, რომელმაც ხელი მოვაწერე. რაზე მოვაწერეთ ხელი და როგორ მოვაწერეთ, ეს არის გასარკვევი […] შენი უარი მაინც არ იქნება არაფერშიო და ახლა, გაუმარჯოს ხალხს. ხალხი დაგვიდგა გვერდში”, — ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
საუბარია წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ ლიცენზიებზე, რომლის მიხედვითაც ორ კომპანიას, ტექნოლოჯი 2021-სა და მნ ნორთი-ს მანგანუმის შესწავლა-მოპოვების მიზნით შქმერში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების უფლება 10 წლის ვადით ეძლევა.
ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ სახელმწიფომ ლიცენზიების მათი ჩართულობისა და აზრის გათვალისწინების გარეშე გასცა. ისინი ფიქრობენ, რომ სასარგებლო წიაღისეული მოპოვება შეცვლის გარემოს, რაც დააზიანებს როგორც ბუნებას, ისე იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობას.
26 ოქტომბერს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მწვანე ალტერნატივამ და სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა და გაცემული ლიცენზიების შეჩერება სთხოვა.
“როგორც აუქციონის გამოცხადების, ისე ლიცენზიის გაცემის მომენტში სააგენტომ დაარღვია ეროვნული კანონმდებლობით და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით დაწესებული გარანტიები და ვალდებულებები გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ინფორმირებისა და მონაწილეობის შესახებ”, — აცხადებენ ორგანიზაციები.
მათი თქმით, სხვა რეგიოენბი მაგნიუმის მოპოვების ფაქტები ცხადყოფს, რომ კერძო კომპანიების ინტერესებს მოსახლეობის ინტერესებზე მაღლა აყენებს.