ენმ-ს აჭარის ორგანიზაციის წევრებს, მათ ოფისზე მომხდარი თავდასხმის საქმის გამოძიების იმედი არ აქვთ და ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევები უამრავია, თუმცა არც ერთ შემთხვევაში დამნაშავე არ დასჯილა, იმიტომ, რომ ოპოზიციაზე თავდასხმა ხელისუფლების მხრიდანაა წახალისებული. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
“თვეში ერთხელ ქართული ოცნების აქტივი, გამგეობის თანამშრომლები, სხვადსხვა ა(ა)იპ-ისა და შპს-ს თანამშრომლები მოდიან და მიტინგებს მართავენ ჩვენს ოფისთან, სხვადსხვა ნივთებს ისვრიან. წარმოუდგენელია ვერ მიაგნო ადამიანს, ვინც ქვა ისროლა. ირგვლივ უამრავი სათვალთვალო კამერა დგას, ასე რომ თუ არ უსვრიათ მათ, კეთილი ინებონ და გამოიძიონ”,- ამბობს გიორგი კირთაძე.
“ეს გამოძიებაც ჩაივლის ისე, რომ პასუხები არ იქნება, რადგან რიჟვაძის მამა ვერ გამოიძიებს მისსავე ჩადენილ დანაშაულს” – ამბობს ბათუმის საკრებულოს წევრი ენმ-დან რევაზ ხარაზი
ბათუმის ახლადარჩეული მერი, არჩილ ჩიქოვანი, რომელიც არჩევნების შემდეგ პირველად გამოცხადდა მერიაში, ამბობს, რომ ოპონენტები “ყველა გადაცდომაში ქართულ ოცნებას ხედავენ და ეს ძალიან სამწუხაროა”.
ცნობისთვის, გუშინ ბათუმის ცენტრში “ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის ოფისის შენობას ქვა ესროლეს. ჩამსხვრეულია მინები. ოფისის მიმდებარედ ბევრი სათვალთვალო კამერაა.
საქმეზე გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.