რამდენად აქტიურია აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტაცია

490

ვის ვირჩევთ ანუ რამდენად აქტიური დეპუტატებით ვაკომპლექტებთ წარმომადგენლობით ორგანოებს რეგიონში? საკითხს მესამე სექტორი უკვე ერთ წელზე მეტია იკვლევს. „საზოგადოებრივი განვითარების აკადემიამ“  საკრებულოების შემდეგ, ამჯერად აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების საქმიანობა შეისწავლა. როგორც აღმოჩნდა, 2021 წლის II კვარტალში, დეპუტაციის თითქმის 40% პასიური ან ნახევრად პასიურია. მათ ანაზღაურებაზე კი საანგარიშო პერიოდში ჯამში 80 ათას ლარამდე თანხა დაიხარჯა. თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.

გია აბულაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, პასიური დეპუტატი, ანაზღაურება 3 ათას 368 ლარი;

მამული სურმანიძე,  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, პასიური დეპუტატი, ანაზღაურება 3 ათას 368 ლარი;

ირაკლი ჭეიშვილი, „ქართული ოცნება“, პასიური დეპუტატი,  ანაზღაურება 12 ათას 300 ლარი;

დავით თედორაძე,  „ქართული ოცნება“, პასიური დეპუტატი, ანაზღაურება  11ათას 700 ლარი;

გიორგი მანველიძე, „ქართული ოცნება“  პასიური დეპუტატი,  ანაზღაურება, 14 ათას 100 ლარი;

ფატი ხალვაში,“ ქართული ოცნება“, პასიური დეპუტატი, ანაზღაურება 11 ათას 700 ლარი;

უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის აქტიურობის საკითხი „საზოგადოებრივი განვითარების აკადემიამ“ 2021 წლის მეორე კვარტალში გამოიკვლია. მესამე სექტორი საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ წარმომადგენლობითი ორგანოს 21 წევრიდან 6 – პასიურია. როგორც ჩანს, ზემოთჩამოთვლილ  დეპუტატებს სოლიდურ ანაზღაურებას დუმილში, უკეთეს შემხვევაში კი, ხელის აწევაში ვუხდით.

კითხვების დასმა მესამე სექტორის მიერ შეფასებულ პასიური დეპუტატების უმრავლესობასთან ვერ შევძელით. მაგალითად, ირაკლი ჭეიშვილმა სატელევიზიო კომენტარზე უარი იმ მოტივით გვითხრა, რომ კვლევას ჯერ არ გაცნობია. გია აბულაძესთან კომუნიკაცია შეუძლებელი აღმოჩნდა, იგი სავარაუდოდ, საქართველოში არ იმყოფება. ნაწილის ჩაწერა მხოლოდ ტელეფონით მოვახერხეთ.

დაპირების მიუხედავად, მამული სურმანიძე უკუკავშირზე არ გამოსულა. პასიური და აქტიური დეპუტატების საკითხს რომ დავუბრუნდეთ – მესამე სექტორის შეფასებით, მეტ-ნაკლებად პასიურ დეპუტატების სიაში ლაშა სირაბიძე და ნადიმ ვარშანიძე აღმოჩნდნენ. ამ უკანასკნელმა აღიარა, რომ განსაკუთღებული აქტიური საკანონმდებლო საქმიანობით არ გამოირჩევა და კვლევის  უნდობლობის მიზეზიც არ აქვს.

პასიური და მეტ-ნაკლებად პასიური დეპუტატების ანაზღაურებაში უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტიდან ჯამში 79 ათას 900 ლარზე მეტი გამოიყო. ახლა რაც შეეხება აქტიურ დეპუტატებს. მესამე სექტორის კვლევის მიხედვით, 2021 წლის II კვარტალში, უმაღლესი საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობიდან 11 დეპუტატი  ანუ 52 პროცენტზე მეტი აქტიურია. მათ შორის არიან დავით გაბაიძე, მარინე გვიანიძე, მედეა ვასაძე, ილია ვერძაძე გიორგი კირთაძე, ლადო მგალობლიშვილი, ცოტნე ანანიძე, ლევან ანთაძე, ელგუჯა ბაგრატიონი, დავით ბაციკაძე, ირაკლი ჩავლეიშვილი.

„საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის“ დაკვირვებით, ტიტე აროშიძე და ფრიდონ ფუტკარაძე მეტ-ნაკლებად აქტიური დეპუტატები არიან. ეს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის 9 პროცენტია. აროშიძე ამას იმით ხსნის, რომ ყველა მიმართლებით ერთნაირად აქტიური ვერ იქნება.

მესამე სექტორში ამბობენ, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში უმაღლესი საბჭოს დეპუტატების აქტივობა გაცილებით მაღალია. რომა დოლაბერიძე ამას საკანონმდებლო საქმიანობაში ოპოზიციის ჩართულობით ხსნის.

„საზოგადოებრივი განვითარების აკადემია“დეპუტატების აქტივობას რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით იკვლევს. მათ შორის: ინიციატივები, განცხადებები, შეკითხვები, კომენტარები, აზრის გამოთქმა და მოხსენებებია.