სამსახურიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა ახალციხის ბაღების გაერთიანებას სასამართლო მოუგო

355

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებას, ექვსი თვის წინ, სამსახურიდან გათავისუფლებული აღმზრდელის, მარინა ლალუაშვილის სამსახურში დაბრუნება და იძულებით განაცდური საათების ანაზღაურება დაავალა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

N1 ბაგის აღმზრდელი, მარინა ლალუაშვილი სამსახურიდან მიმდინარე წლის ივნისში გაათავისუფლეს, გათავისუფლებამდე ოთხი თვით ადრე კი საყვედური გამოუცხადეს.

„ჯერ საყვედურში, შემდეგ კი გათავისუფლების ბრძანებაში ეწერა, თითქოს მარინა ლალუაშვილი კონფლიქტური პიროვნება იყო და პედაგოგებს მის მიმართ ჰქონდათ პრეტენზია. თითქოს იგი არ ქმნიდა კარგ სამუშაო პირობებს. აღნიშნულ საკითხზე პედაგოგებმა მიმართეს ბაღის მენეჯერს. ეს იყო თანამშრომლების ერთობლივი განცხადება, დაახლოებით 15 თანამშრომლიდან ამაზე ხელს 12 აწერდა“, – ამბობს ადვოკატი, ნინო დემეტრაძე.

მისივე თქმით, ბაღების გაერთიანებას, აღნიშნულ საკითხზე  სასამართლოში მხოლოდ წერილობითი მტკიცებულებები ჰქონდა წარმოდგენილი.

„მხოლოდ წერილობითი დოკუმენტაცია მოიტანეს მტკიცებულების სახით და არა მოწმეები, რომლებიც უშუალოდ დაადებდნენ ხელს. ჩვენ გვყავდა მოწმე, რომ მარინას მიმართ არ ჰქონდა პრეტენზია“, – განმარტავს დემეტრაძე.

სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლის სასარგებლოდ გადაწყვეტილება მოსამართლე ანაიტ ოგანესიანმა დღეს, 18 ნოემბერს გამოიტანა. შესაბამისად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას დაევალა, მარინა ლალუაშვილი სამსახურში აღადგინოს და იძულებით განაცდური საათები აუნაზღაუროს.

ეთანხმება თუ არა ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელი სასამართლოს გადაწყვეტილებას და აპირებს თუ არა გასაჩივრებას, ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭე“ მარინა მერაბიშვილს დაუკავშირდა, თუმცა მან თქვა, რომ არ ეცალა და ტელეფონი გაგვითიშა.