უმრავლესობამ „ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის“ წინადადება გაიზიარა

752

“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტში, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით, მეორე მოსმენით განიხილა და მიიღო, არსებითი ხასიათის ცვლილება აისახა.

პროექტის მიხედვით, ერთი პარტიული სიით გასულ საკრებულოს წევრებს მხოლოდ ერთი ფრაქციის შექმნა შეეძლებათ. ამასთან, პროექტით გათვალისწინებული იყო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა ყოველ მეხუთე წევრზე.

“ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაყენებული წინადადების საფუძველზე ფორმულა შეიცვალა და ფრაქციაში ყოველ სამ წევრზე შესაძლებელი იქნება მოადგილის არჩევა, მხოლოდ არა უმეტეს 7 მოადგილისა.

ამავე კანონპროექტით, მუნიციპალიტეტების საკრებულოების თანამდებობების ჩამონათვალს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა ემატება. მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეს სამი მოადგილე – მათ შორის პირველი მოადგილე ეყოლება.