“შენი იდეა ბათუმს” – პროექტი, რომელსაც ბათუმის მერია წლებია ახორციელებს. საუკეთესო იდეების გამოსავლენად ხმის მიცემა დაიწყო. ხმის მიცემის ეტაპზე 21 განაცხადია გადასული. ინიციატივების განხორციელება ქალაქის მერიის 2022 წლის ბიუჯეტიდან 1 000 000 ლარით დაფინანსდება. რა იდეები წარადგინეს მოქალაქეებმა და რა სარგებელს მოუტანს ქალაქს? თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
ბავშვთა სენსორული სფეროს განვითარება, ფიზიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ფუნქციონალური უნარების გაუმჯობესება – ეს იმ სასარგებლო თვისებების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ქვიშის სათამაშო მოედნის მოწყობის იდეა ითვალისწინებს. ქეთევან გოგიტიძისა და ირმა კომახიძის პროექტის ინსპირაცია იყო, ის რომ ბავშვების უმეტესობა დროს მობილურებთან და კომპიუტერებთან ატარებენ. იდეის ავტორების თქმით, ქვიშის მოედნები კი მათ ღია ცის ქვეშ გართობის სურვილს გაუჩენთ.
„თათების მეგობარი ქალაქი“ – ეს კიდევ ერთი პროექტია, რომელიც ხმის მიცემის ეტაპზე გადასულ 21 იდეას შორის მოხვდა. იგი ბათუმის ტერიტორიაზე მიუსაფარი ცხოველებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას გულისხმობს. ავტორი ლევან ჩხაიძე ამბობს, რომ პროექტის განხორციელებას ერთი წელი დასჭირდება.
კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი იდეაა „მუნიციპალური აპლიკაცია“. პროექტის გამარჯვების შემთხვევაში, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საათობრივი ტრაფიკების შესახებ ინფორმაცია მიღონ. ასე ისინი შეძლებენ, სახლიდან გასვლამდე ნახონ, რა დროის ინტერვალში მივა მათთვის სასურველი ტრანსპორტი ადგილზე.
იმისთვის, რომ იდეის ავტორმა გამარჯვება შეძლოს, საჭიროა საერთო ხმების, მინიმუმ 20%-ი მიიღოს. მისი განხორციელება ბათუმის მერიის 2022 წლის ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარით დაფინანსდება.
პროექტი „შენი იდეა ბათუმს“ საბიუჯეტო პროცესის ნაწილშიმოქალაქეთა ჩართულობასა და მათ საჭიროებებზე დაფუძნებული ბიუჯეტის შემუშავებას ემსახურება. კონკურსის ფარგლებში, მოქალაქეების უშუალო მონაწილეობით, ბათუმის მერიის მიერ განსახორციელებელი პროექტები განისაზღვრება.