ხოშტარია: “ქართული ოცნების” წევრებს შევთავაზე ვერსიები, რაც შეიძლება იყოს გამოსავალი და მათ არც თუ ისე ბევრი დრო აქვთ იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მიიღონ

273

მე “ქართული ოცნების” წევრებს შევთავაზე ის ვერსიები, რაც შეიძლება გამოსავალი იყოს და რა თქმა უნდა, მათ აქვთ არც თუ ისე ბევრი დრო იმისთვის, რომ მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება , – ამის შესახებ “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების” ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მზად არის კომუნიკაციისთვის, რომელიც იქნება შედეგზე ორიენტირებული.

ხოშტარიას განცხადებით, მისი ამოცანა არ არის ვინმეს კედელთან მიმწყვდევა.

“პირველი მინდა ვთქვა, რომ მზად ვარ აბსოლუტურად ყველა კომუნიკაციისთვის, რომელიც კატეგორიულად ხაზს ვუსვამ, იქნება შედეგზე ორიენტირებული და შედეგი არის ვითარების განმუხტვა და არა უბრალოდ ვინმეს მოგება ან წაგება და კუნთების თამაში. ამიტომ ჩემი კარი ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის ნებისმიერი პარტიიდან, პირველ რიგში „ქართული ოცნებიდან“, ვისაც ამ ჩიხური სიტუაციიდან უნდა გამოსვლა.

მეორე მე ცხადია, ძალიან დეტალურად ვესაუბრე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, თუ რა არის ჩემი შიმშილობის მოტივაცია და ის პრინციპული სიმტკიცე, რომელსაც არ გადავუხვევ არც ერთ შემთხვევაში. ეს არ არის სიჯიუტე, ეს არის ის აუცილებელი ფასი, რომელიც უნდა გადავიხადოთ, რომ გამოვიდეთ ჩიხური ვითარებიდან.

ძალიან მნიშვნელოვანია, „ქართულმა ოცნებამ“ არ ჩათვალოს, რომ ეს არის ან პოლიტიკური თამაში ან ვინმე აპირებს უკან დახევას. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ქვეყნის ჩიხში გადავარდნა რომ არ მოხდეს, ამისთვის ყველაფერს ვიზამთ და ეს სიმტკიცე მე მათ რა თქმა უნდა, გავუზიარე. ჩემი ამოცანა არ არის ამ საკითხში არავის კედელთან ან კუთხეში მიმწყვდევა. მე ვარ სრულიად მოქნილი, თუ ჩვენ მიხეილ სააკაშვილს გადავიყვანთ გლდანის კლინიკიდან, რომელშიც არის არაადამიანური მოპყრობის პირობებში, ნებისმიერ სხვა საკითხზე ვარ აბსოლუტურად მოქნილი თანამშრომლობისთვის, ეს არ არის საკითხი, სადაც ვინმე აპირებს, რომ გამარჯვება იზეიმოს ან კუთხეში მიამწყვდიოს მეორე მხარე. მე ვერ მივცემ თავს უფლებას ვისაუბრო კობახიძის და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ნაცვლად, მე არ ვიცი, რამდენად ესმით სიტუაციის სიმწვავე, იმედს ვიტოვებ , რომ ესმით, მაგრამ არ ვიცი, საბოლოო ჯამში რა გადაწყვეტილება იქნება. მე ის ვერსიები, რაც შეიძლება იყოს გამოსავალი, მათ შევთავაზე და რა თქმა უნდა, მათ აქვთ დრო, არც თუ ისე ბევრი იმისთვის, რომ მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება”, – განაცხადა ხოშტარიამ.