სოხუმმა გალის შეხვედრების აღდგენის ახალი წინადადებით ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს მიმართა

411

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები ევროკავშირიდან და ეუთოდან – ტოივო კლაარი და ანიკა სოდერი, ასევე, გაეროს წარმომადგენელი ჯიჰან სულთანოღლუ სოხუმში იმყოფებიან. აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ჟენევის დისკუსიების მორიგი, 55 – ე რაუნდის დღის წესრიგი განიხილეს, წერს “აფსადგილ ინფო”.

თანათავმჯდომარეებთან გამართულ შეხვედრაზე, აფხაზეთის “საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ”, ირაკლი ტუჟბამ კიდევ ერთხელ წამოაყენა ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების საკითხი.

გარდა ამისა, აფხაზური მხარე გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) აღდგენის ახალი წინადადებით გამოვიდა. მხარეებმა გალის შეხვედრების, როგორც ჟენევის დისკუსიების მნიშვნელოვანი კომპონენტის, უახლოეს პერიოდში განახლების თაობაზე საერთო დაინტერესება გამოხატეს, წერს გამოცემა.

ასევე, შეხვედრაზე  სამედიცინო მომსახურებასთან, საერთაშორისო განათლების ხელმისაწვდომობასთან და გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებული ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი, 55-ე რაუნდი, 2021 წლის 7-8 დეკემბერს არის დაგეგმილი.