რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ იაპონიის ელჩს საქართველოში იმამურა აკირას ონის მუნიციპალიტეტის მერთან სერგო ხიდეშელთან ერთად უმასპინძლა.
ონის მუნიციპალიტეტს იაპონიის ელჩმა ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისა და ეფექტური რეაგირებისთვის ტექნიკა გადასცა.
ონის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა პროექტი „ონის მუნიციპალიტეტისთვის მძიმე ტექნიკის შეძენა ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისა და ეფექტური რეაგირებისთვის“, რომლის ფარგლებში განხორციელდა მუნიციპალიტეტისათვის მძიმე ტექნიკის გადაცემა.
„გამომდინარე იქედან, რომ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი მიეკუთვნება ერთჯერადი და მრავალჯერადი ბუნებრივი კატასტროფების რისკის ზონას აღნიშნული ტექნიკა ადგილობრივ ხელისუფლებას მისცემს შესაძლებლობას კატასტროფებისადმი მზაობის და შედეგების ეფექტურად დაძლევის. საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ადამიანის უსაფრთხოების ხელშეწყობას საქართველოში შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებებით: გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და განათლება. საგრანტო პროგრამის მთავარი პრინციპია სიღარიბის აღმოფხვრა, მდგრადი განვითარება, მოსახლეობის ჩართულობა და თანასწორობა“, – აცხადებენ მუნიციპალიტეტში.
შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ აღნიშნა, რომ ონის მუნიციპალიტეტს აღნიშნული პროექტის ფარგლებში მართლაც საჭირო დახმარება გაეწია.
„აღნიშნული ტექნიკა საშუალებას მისცემს მუნიციპალიტეტს დროულად მოახდინოს რეაგირება ბუნებრივი კატასტროფებისადმი და ადამიანის უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნეს დაცული. სახელმწიფო რწმუნებულმა მადლობა გადაუხადა იაპონიის ელჩს, იმამურა აკირას მხარდაჭერისათვის და გამოთქვა მზაობა სამომავლო თანამშრომლობისათვის“,- ნათქვამია ონის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.