ლაცაბიძე: რუსთავში ავარიულ საცხოვრებელ კორპუსებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

268

რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე ქალაქის იმ უბნების მოსახლეობას შეხვდა, სადაც ავარიული კორპუსების რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თბილისის, რჩეულიშვილის, ჩაპაევის, გიორგაძის, ჯავახიშვილის ქუჩებზე, ავარიული შენობების გამაგრება-რეაბილიტაციას, მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა. ნინო ლაცაბიძის საარჩევნო პროგრამაში აღნიშნული საკითხი ერთ-ერთ პრიორიტეტად იყო გამოყოფილი და რუსთავის მერიის მიერ მომზადებულ 2022 წლის ბიუჯეტშიც აისახა.

,,რუსთავში ავარიული კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაცია იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელზეც ვიმუშავებთ მთელი გუნდი. ეს არის საკითხი, რომელიც ეხება ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებას, რა თქმა უნდა, ამასთან ერთად, ჩვენ განვიხილავთ ლიფტების რეაბილიტაციის პროგრამასაც, რომელზეც ხშირად ვსაუბრობთ. თბილისის ქუჩაზე არსებული ეს საცხოვრებელი კორპუსი მძიმე მდგომარეობაშია და ძალიან სწრაფ ჩარევას საჭიროებს, პროექტი მზად არის, მისი ღირებულება 400 ათასი ლარია. მსგავსი კორპუსი, რუსთავში რამდენიმე გვაქვს და ჩვენ შევეცდებით, რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ მათი გამაგრება-რეაბილიტაცია. ეს არის წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემა, რაც შეიძლება სწრაფად გვინდა განხორციელდეს ეს პროექტი და ყველა რუსთაველმა საცხოვრებელ სახლში თავი უსაფრთხოდ იგრძნოს“, განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

თბილისის, რჩეულიშვილის, ჩაპაევის, გიორგაძის, ჯავახიშვილის ქუჩებზე, ავარიული საცხოვრებელი კორპუსების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. ყველა შენობაზე, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დასკვნა მზადაა. პროექტები შესყიდულია და სამუშაოს შემსრულებლის გამოსავლენად, ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

2022 წელს, რუსთავში ინფრასტრუქტურული პროექტებზე გასულ წელთან შედარებით 10 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება. მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ავარიული კორპუსების რეაბილიტაცია პრიორიტეტულ პროექტებშია გაწერილი. გასულ წელთან შედარებით 31 მილიონი ლარით გაზრდილი საწყისი ბიუჯეტის პროექტი მერიამ საკრებულოში განსახილველად უკვე შეიტანა.