რეკორდული ინფლაციის გამო საარსებო მინიმუმი 224 ლარამდე გაიზარდა

239

საქსტატმა დღეს საარსებო მინიმუმის სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ოქტომბრის განმავლობაში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 224.2 ლარი იყო, რაც წინა წელს არსებულ საარსებო მინიმუმთან შედარებით მთელი 36.5 ლარით, ანუ 19%-ით მეტია. ეს თავად საარსებო მინიმუმის და მისი ზრდის ტემპის რეკორდული მაჩვენებელია, რაც ქვეყანაში გაძვირებულ ცხოვრებაზე მეტყველებს.

საარსებო მინიმუმის ზრდა მაღალ ინფლაციასთან არის დაკავშირებული, რადგანაც ოქტომბერში ქვეყანაში ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი – 12.8%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა. განსაკუთრებულად მაღალია და 18.4%-ს შეადგენს ფასების წლიური მატება სურსათის ჯგუფში, რომელიც საარსებო მინიმუმის მეთოდოლოგიაში წამყვან ადგილზეა.

ოქტომბრის მდგომარეობით, “საშუალო მომხმარებლის” საარსებო მინიმუმი 198.5 ლარია, რაც წინა წელთან შედარებით 32.3 ლარით არის გაზრდილი.