საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, მიმდინარე წლის აგვისტოში ქვეყანაში დაახლოებით 6900-მდე ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 92%-ით აღემატება.
როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, ასევე, თითქმის 20%-ით არის გაზრდილი სამშენებლო მასალების იმპორტის მაჩვენებელი.
„2022 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სახეზე გვაქვს საქართველოს ეკონომიკის 10.5%-იანი ზრდა, აქედან გამომდინარე, 2022 წლის 8 თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 10,3%. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის ტენდენციები შეინიშნებოდა ტრანსპორტისა და დასაწყობების, მშენებლობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, სასტუმროებისა და რესტორნების, ასევე ვაჭრობის და საფინანსო საქმიანობის სექტორებში. მიუხედავად ამისა, კლების ტენდენცია გამოვლინდა დამამუშავებელი მრეწველობის, ასევე უძრავი ქონების ოპერაციების სექტორებში. 2022 წლის 8 თვეში საქონლის ექსპორტი გაიზარდა დაახლოებით 37%-ით, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი გაზრდილა 36.5%-ით. მიმდინარე წლის აგვისტოში ქვეყანაში დარეგისტრირდა დაახლოებით 6900-მდე ახალი საწარმო, რაც დაახლოებით 92%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს“, – განაცხადა თოდრაძემ.
მისი თქმით, საგარეო ვაჭრობის ზრდის პარალელურად, გაიზარდა სატრანსპორტო დამუშავებისა და დასაწყობების მაჩვენებელიც, რამაც დადებითი წვლილი შეიტანა აგვისტოს თვის ეკონომიკურ ზრდაში.
„ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდის ტენდენციები ძირითადად დაკავშირებული იყო საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული მომსახურების სექტორში განხორციელებული მომსახურების მოცულობის ზრდასთან. ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა ასევე სასტუმროებისა და რესტორნების სექტორშიც, რაც დაკავშირებული იყო საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების ზრდასთან. კერძოდ, მიმდინარე წლის აგვისტოში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა დაახლოებით 742 ათასი ვიზიტი“,-განაცხადა თოდრაძემ.