საქართველო ყოველწლიურად მილიარდობით დოლარის ახალ საგარეო ვალს იღებს. მათი ნაწილი ქვეყანაში მიმდინარე საინვესტიციო პროექტების დაფინანსებას ხმარდება, ისეთ პროექტებს, როგორიცაა ჩქაროსნული მაგისტრალის ლოტები, ახალი გვირაბები და სხვა. თუმცა, არაერთი ისეთი კრედიტიც არის დამტკიცებული, რომელთა მოცულობაც 30 მილიონ ლარზე ნაკლებია.
დღეს ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგია გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ 2022 წლიდან საგარეო ვალის აღების პირობები იცვლება. კერძოდ, მთავრობა აღარ აიღებს ვალებს მცირე ზომის საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად და ამ მხრივ უთითებს, რომ მსგავსი პროექტები უშუალოდ ქვეყნის ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ამასთანავე, ვალის სტრატეგიის თანახმად, მომავალში თითოეული სესხის აღების წინ ეფექტიანობის დეტალური კვლევა ჩატარდება.
როგორც გამოცემა “BM.GE” წერს, შეეცადნენ გაერკვიათ, ზუსტად რას ნიშნავს დათქმა, რომ სახელმწიფო მცირე ზომის საინვესტიციო კრედიტებს აღარ აიღებს, რადგანაც მაგალითად 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს 20-ზე მეტ ისეთ საინვესტიციო სესხს, რომელთა მოცულობაც 30 მილიონ ლარზე ნაკლებია.
საქართველოს სახელმწიფო ვალი ამჟამად 30.81 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც 25.27 მილიარდი საგარეო ვალს, ხოლო 5.54 მილიარდი შიდა ვალს წარმოადგენს.
რა იცვლება საინვესტიციო კრედიტების აღების წესში – ვალის მართვის სტრატეგიის თანახმად:
● საინვესტიციო სესხების აღება მოხდება მხოლოდ დიდი და კომპლექსური პროექტებისთვის. ეს არის პროექტები, რომლის ფარგლებშიც სამუშაოების მაღალი სტანდარტით შესასრულებლად საჭიროა პროექტის განხორციელებაში განვითარების პარტნიორების მხარდაჭერა, და რომელთაც თან ახლავს ექსპერტიზა და ცოდნის გაზიარება. საინვესტიციო სესხის აღების მთავარი სარგებელი არის არა მხოლოდ ფინანსური რესურსის მოზიდვა, არამედ ის მხარდაჭერა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს პროექტის შესაბამისი სტანდარტებით განხორციელებას. შესაბამისად, მთავრობა არ აიღებს (არ გააკეთებს ახალ განაცხადს) საინვესტიციო სესხს იმ პროექტებისათვის, რომელთა განხორციელებაც იმავე წარმატებით და ეფექტიანობით არის შესაძლებელი ბიუჯეტის საკუთარი რესურსების გამოყენებით;
● აუცილებელია, თითოეული საინვესტიციო სესხის ფარგლებში ყოველი პროექტისათვის არსებობდეს მისი ეფექტიანობის შესახებ დადებითი შეფასება. საინვესტიციო სესხის აღების ინიცირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ პროექტებთან მიმართებაში, რომლებსაც სახელმწიფო ინვესტიციების მართვის მეთოდოლოგიის (PIM) მიხედვით გავლილი აქვთ წინასწარი შერჩევის ეტაპი და მიღებული აქვთ უწყებათაშორისი კომისიის დადებითი გადაწყვეტილება. შესაბამისად აუცილებელი წინაპირობაა, რომ საინვესტიციო სესხის ინიცირებისათვის სესხის ბენეფიციარ სამინისტროს ან მუნიციპალიტეტს ჰქონდეს,”- ნათქვამია დოკუმენტში.