რუსთავის მერი: 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდაა გათვალისწინებული

1406

რუსთავის მომავალი მერის, ნინო ლაცაბიძის განცხადებით, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდაა გათვალისწინებული.

როგორც ლაცაბიძემ “ინფო რუსთავთან” განაცხადა, ხელფასები გაეზრდებათ ბაგა-ბაღებისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, ასევე მუნიციპალური ავტობუსების მძღოლებს.

“ბიუჯეტის პროექტში დევს თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდა. ყველაზე მეტად მახარებს ის ფაქტი, რომ დასუფთავების თანამშრომლებს ეზრდებათ ხელფასი. ეს ადამიანები კოვიდის, ქარის, წვიმის მიუხედავად, 24 საათის განმავლობაში არიან ქალაქში და ასუფთავებენ, რომ ჩვენ სუფთა გარემოში ვიცხოვროთ. ახალი ავტობუსების მძღოლებს საკმაოდ დაბალი ხელფასი აქვთ და მინდა, რომ ღირსეული ხელფასი ჰქონდეს თითოეულ ადამიანს, ვინც შრომობს დილიდან საღამომდე და მძღოლები არიან ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი ადამიანებისა, ვისაც ძალიან დიდი დატვირთვა აქვს ქალაქში და მახარებს ის ფაქტი, რომ მათ გაეზრდებათ ხელფასი. საბავშვო ბაღების თანამშრომლებისთვის გაიზრდება ხელფასი და მე ვფიქრობ ზოგადად, რომ როდესაც საჯარო მოხელეს აქვს ღირსეული და თავისი შრომის შესაბამისი ანაზღაურება, სერვისიც და მომსახურებაც არის სათანადო. აუცილებელია, ვიზრუნოთ თანამშრომლებზე და მათ მივცეთ შესაძლებლობა იმის, რომ კიდევ უფრო მეტად დაიხარჯონ ჩვენი ქალაქისთვის”, – განაცხადა ლაცაბიძემ.