ბორჯომში, თორის ქუჩაზე მეწყერსაშიშ ზონაში, რკინა–ბეტონის დამცავ კედელს აშენებენ. ადგილობრივები დახმარებას 2018 წლიდან ითხოვდნენ. დაზიანებული საყრდენი კედელის გამო აქ საფრთხე ათობით ოჯახს ექმნებოდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
„მერიას და საკრებულოს 2018 წლიდან ვაკითხავდით. ყოფილ მერთან, ლევან ლიპარტიასთანაც ვიყავით, მაგრამ არ გაგვიკეთა. 2020 წელს საკრებულოს თავმჯდომარეს ოთარ არბოლიშვილს [ამჟამად მოქმედი მერია] მივმართეთ, გვითხრა 2021 წელს გავითვალისწინებთო. ახლა დაიწყეს გაკეთება“, – განაცხადა ადგილობრივმა ქეთევან ალადაშვილმა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ თორის ქუჩაზე N36 – 40-ის მიმდებარედ რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობისთვის 247 917 ლარი გამოყო. მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო განახორციელოს 60 (სამოცი) დღის ვადაში.