ქუთაისში ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია დაიწყო, – ამის შესახებ ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა, რომელმაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც მან აღნიშნა, ასსაფეხურიანი კიბე ქუთაისელების საყვარელი ადგილია.
„ნამდვილად საჭიროებდა ეს პროექტი განხორციელებას და მიხარია, რომ მოხერხდა დაფინასება. შესაბამისად, პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო“, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. მისი ღირებულება 674 ათას ლარს შეადგენს. სამუშაოებს კომპანია „ბრიტანია ქონსთრაშენი“ აწარმოებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ობიექტის გამაგრებას, სრულიად მოპირკეთებას, გამწვანებას, განათებისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობას გულისხმობს.