ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, დომენტი სიჭინავა დღეს სოფელ ურთის მოსახლეობას და ქალაქ ზუგდიდში, კოსტავასა და გაგარინის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.
მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა და პრიორიტეტები გააცნო. სიჭინავას განცხადებით, დროა ხალხს რეალური თვითმმართველობა გადაეცეს და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისინი აქტიურად ჩაერთონ.
„თუკი იქნება ამომრჩევლისგან ჩემი ზუგდიდის მერად არჩევის ნება, ხალხის არჩეულ ხელისუფლებასთან ერთად და მხარდაჭერით, შევძლებ მეტი ვიშრომო და ვიზრუნო ჩემს მშობლიურ ქალაქზე. მე არ ვპირდები ხალხს იმას, რის გაკეთებასაც ვერ შევძლებ. მათ უნდა დაუკვეთონ საკუთარ არჩეულ ხელისუფლებას, რა სჭირდებათ.
ვფიქრობ, რომ ვეკუთვნი იმ კატეგორიას, რომელიც ხალხს მოუსმენს და სწორედ მათ მოთხოვნებს შეასრულებს“, – განაცხადა ამომრჩევლებთან შეხვედრისას დომენტი სიჭინავამ.
შეკრებილების განცხადებით, ისინი დომენტი სიჭინავას ნდობას უცხადებენ და მზად არიან 21 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნებზე მხარი დაუჭირონ.
“მას აქვს დიდი მოტივაცია, ბევრი კარგი საქმე და პროექტი განახორციელოს ზუგდიდში. რაც მთავარია, მისი ეიმედებათ ზუგდიდელებს. ამიტომაც, საჭიროა ყველა გაერთიანდეს მის გარშემო და მხარი დავუჭიროთ ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს, დომენტი სიჭინავას“, – განაცხადეს შეხვედრის დადასრულს კოსტავას ქუჩის მცხოვრებლებმა.
წყარო: აიპრესი