შესყიდვების გვერდზე ატვირთული დოკუმენტაციის მიხედვით, ქუთაისის მერიამ ნიკიტინის სკვერზე მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სკვერში არსებული ყველა ხარვეზი გამოსწორებულია.
“მერიამ სკვერი ჩაიბარა, ხარვეზები გამოსწორებულია”, – ამბობს თეონა გიორგაძე.
ხარვეზების არსებობას არ აღირებს სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის დირექტორი. მურმან კუტალაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ პრობლემები, რომლებზეც მერია საუბრობდა, სინამდვილეში სხვა მიზეზით იყო განპირობებული და არა სამუშაოებში შეცდომების დაშვების გამო.
“რაც არ გვევალებოდა, ისიც გავაკეთეთ. არანაირი ხარვეზი იქ არ ყოფილა. თუ ჟანგზე ვსაუბრობთ, თვითონ მოითხოვა მერიამ თეთრად შეღებვა და იცოდა, რომ ჟანგს გამოიტანდა, იგივე მოხდა სკამების შემთხვევაში. მათი მოთხოვნა იყო მუხის საფარი, რასაც ასევე გამოაქვს ჟანგი. ამ თანხად არავინ მაგ სამუშაოებს ხელს არ მოკიდებდა”, – განაცხადა მურმან კუტალაძემ.
ნიკიტის სკვერში 12 ოქტომბერს ქუთაისის მერიამ შეღებვისა და შედუღების ნაწილი დაახარვეზა. მანამდე კი კომპანია ,,გლობალ სტარდარტმშენს” ქვაფენილების, ძელსკამების, გვირაბის კედლისა და ჟანგის პრობლემის გამო შენიშვნა მისცა. მერიამ ნიკიტინის სკვერში არსებულ ხარვეზებზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც ამ თემაზე “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კიკვაძემ ბრიფინგი გამართა.
ნიკიტინის სკვერი ქუთაისის მერიას 370 244 ლარი დაუჯდა. სამუშაოები კომპანია ,,გლობალ სტანდარტმშენმნა” შეასრულა.
რუსთაველის ქუჩის მიმდებარედ სკვერს თამაზ ნიკიტინის სახელი 2008 წელს მიენიჭა. თამაზ ნიკიტინი რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაიღუპა.