ვის განიხილავენ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე

680

ახალციხის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულო, რომელიც 39 დეპუტატისგან დაკომპლექტდება, უახლოეს დღეებში პირველ სხდომას გამართავს. მმართველ გუნდში თავმჯდომარეობის კანდიდატების აქტიური განხილვა მიმდინარეობს, თუმცა ამაზე ღიად საუბარი არ სურთ. ოპოზიციური პარტიები კი აცხადებენ, რომ „ქართული ოცნებიდან“ თავმჯდომარის პოზიციის დასაკავებლად ოთხი კანდიდატი იბრძვის.  ახალციხის საკრებულოში სავარაუდოდ საკუთარი კანდიდატის წარდგენას გეგმავს „ნაციონალური მოძრაობაც“. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ვის დაასახელებს „ქართული ოცნება“  საკრებულოს თავმჯდომარედ, ჩვენთვის უცნობია, ამ საკითხზე დეპუტატები „სამხრეთის კარიბჭესთან“ არ საუბრობენ.

ოპოზიციის განცხადებით, კი მმართველი გუნდიდან ხელმძღვანელის პოზიციაზე განიხილებიან ახალციხის ყოფილი მერი ზაზა მელიქიძე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი მოადგილე დავით ლომიძე, ახალციხის ციხის ყოფილი დირექტორი დავით ტაბატაძე და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ბესიკ ბლიაძე.

„არ ვიცი არაფერი, არც ის ვიცი საკრებულოს პირველი სხდომა როდის იქნება. ალბათ, რომ შეიკრიბებიან მერე გადაწყდება“, – გვითხრა დავით ლომიძემ, რომელიც „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის პირველი ნომერია.

თავმჯდომარის პოზიციაზე საკუთარი კანდიდატურის დასახელებას კატეგორიულად უარყოფს დავით ტაბატაძე: „ჩემი კანდიდატურა, არ განიხილება! ვერც იმას გეტყვით ვინ მოიაზრება, გამოჩნდება!“, – გვითხრა მან.

დავით ტაბატაძის მსგავსად, უარყოფს ახალციხის ყოფილი მერი ზაზა მელიქიძეც.

„საკრებულოს პირველ სხდომაზე იქნება ამის განხილვა. ჯერ არაფერი არ ხდება, ტყუილი ინფორმაციაა და არასწორი. მე არ ვარ კანდიდატი. არ ვიცით ვინ შეიძლება იყო, გუნდი განიხილავს“, – ამბობს იგი.

„ტყუილია, მსგავსი რამე არ გამიგია“, – ამბობს ბესიკ ბლიაძეც.

სავარაუდო კანდიდატებზე საუბარი არ სურს, ახალციხის საკრებულოს ორგზის დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“ ზოია ბალიაშვილს.

„ჯერ სხდომა არ ჩანიშნულა, რა თქმა უნდა საუკეთესოს ავირჩევთ, ჩვენი გუნდიდან თქვენ მაგაზე არ ინერვიულოთ. საერთოდ ვისაც გადაწყვეტს გუნდი იმას ავირჩევთ ყველა ერთად. მე ჯერ გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული და გუნდის გადაწყვეტილებას დავემორჩილები, აუცილებლად. ახლა განხილვებს ვერ დავესწარი ოჯახური პირობების გამო და მომავალში შევუერთდები“, – გვითხრა ზოია ბალიაშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრის, დავით ახალკაცის თქმით, „ქართული ოცნების“ კანდიდატები ორად არიან გაყოფილები, ამის გამო არ არის გამორიცხული, შიდა დაპირისპირებაც იყოს.

„გამორიცხული არაფერი არაა, რადგან ისეთი გუნდისგან არიან დაკომპლექტებული, რომ ყველაფერია მოსალოდნელი. შიდა ხმებიდან ისიც ვიცით, რომ ყოფილი და მოქმედი პარლამენტის დეპუტატების, გია კოპაძის და ანტონ ობოლაშვილის მომხრეებადაა დაყოფილი გუნდი. ამათ შორის შესაძლოა პატარ–პატარა დაპირისპირებები იყოს“, – თქვა ახალკაცმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნებიდან“ აქტიურად ორი პირი განიხილება: დავით ტაბატაძე და დავით ლომიძე.

„აქვე ისიც შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენც ვაპირებთ, ჩვენი კანდიდატის წარდგენას, რა თქმა უნდა ვიცით, რომ არ დაგვიჭერენ მხარს. ვინ იქნება ჩვენი მხრიდან, ამის თქმისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ, მოგვიანებით ვიტყვით, შეიძლება რაიმე სიურპრიზიც მოხდეს საკრებულოში“, – გვითხრა დავით ახალკაცმა.

აღნიშნულ საკითხზე ღიად საუბარი არ სურს საკრებულოს წევრს „გახარია საქართველოდან“ მარინა აბულაძეს. იგი წინასაარჩევნოდ ააიპ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებიდან გაათავისუფლეს.

მარინა აბულაძის შვილი და ამავე პარტიის რეგიონული წარმომადგენელი, ლევან თათეშვილი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ არჩევანს სავარაუდოდ ზაზა მელიქიძესა და დავით ლომიძეს შორის გააკეთებს.

„საკრებულოში ორი წევრი გვყავს და რეალობას მოკლებულია ჩვენი მხრიდან კანდიდატის დასახლება. როგორც ვიცი ზაზა მელიქიძეს და დავით ლომიძეს ამბობდნენ, ეს ინფორმაცია არჩევნებამდე მქონდა მოსმენილი, მანამდე მუსირებდა. რა თქმა უნდა მე პირადად არცერთთან არ მქონია საუბარი“, – ამბობს ლევან თათოშვილი.

“სამხრეთის კარიბჭე” ახალციხე, ბორჯომი, ასპინძა, ადიგენის მოქმედ და ყოფილ დეპუტატებს დაუკავშირდა, ანტონ ობოლაშვილმა  ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, გიორგი კოპაძემ კი განაცხადა, რომ ეს მისი საქმე არ არის და არ ერევა.

“აბსოლუტური ტყუილია! მე და ანტონი ერთ მხარეს ვართ ყოველთვის, ოპოზიციას რა გეგმები აქვს საერთოდ არაა ჩემი საქმე, საერთოდ არ ვარ ჩარეული. იმიტომ, რომ არ არის ჩემი პრეროგატივა”.

2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, ახალციხის საკრებულოში ოთხი პარტია შევიდა, უმრავლესობა მმართველ გუნდს ჰყავს.

„ქართული ოცნება“ – 28 დეპუტატი;

„ნაციონალური მოძრაობა“ – 8 დეპუტატი;

„გახარია საქართველოსთვის“ – 2 დეპუტატი;

ევროპული საქართველო“ – 1 დეპუტატი.