“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” იმერეთის მუნიციპალიტეტებში (ქუთაისი, ხონი, ხარაგაული, თერჯოლა, საჩხერე, ზესტაფონი, ბაღდათი, ვანი, სამტრედია, ჭიათურა, ტყიბული, წყალტუბო) კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილ მერობის კანდიდატებსა და საკრებულოს არჩევნებისათვის პარტიული სიების პირველ ნომრებზე კვლევა წარადგინა.
იმერეთის მუნიციპალიტეტში “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი მერობის 12 კანდიდატიდან, 3 შესაბიმისი მუნიციპალიტეტის (ბაღდათი, სამტრედია, ხარაგაული) მოქმედი გამგებელია.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მიერ შესწავლილ კანდიდატებს შორის 11 კანდიდატი გამოიკვეთა, რომლებმაც გაიღეს შემოწირულობა პარტიებისთვის. შესწავლილი კანდიდატები, ძირითადად, საკუთარ პარტიებს ურიცხავენ შემოწირულობებს. კახაბერ მახათაძემ – “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა 2016-2017 წლებში, დანარჩენ შესწავლილ კანდიდატებს შორის, ყველაზე მეტი თანხა გაიღო პარტიისთვის, კერძოდ მან “ქართულ ოცნებას” – ჯამში 90 000 ლარი გადაურიცხა.
89 234 ლარი შესწირა საკუთარ პარტიას საარჩევნო ბლოკ “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა და პარტიული სიის პირველმა ნომერმა ხვიჩა წკეპლაძემ.
კვლევის თანახმად, “ქართული ოცნების” 12 კანდიდატიდან 6 მერობის კანდიდატი არის ბიზნესკომპანიების მეწილე ან/და ხელმძღვანელი (გიორგი ჭიღვარია-ქუთაისი, კახაბერ მახათაძე-ზესტაფონი, ბონდო სოფრომაძე-თერჯოლა, არჩილ გოგსაძე- ბაღდათი, ლადო ჯურხაძე-ხონი, ვალერიან ფოცხვერია-სამტრედია.).
ასევე, “ევროპული საქართველოს” მერობის ერთი ( კობა მოდებაძე-საჩხერე) და “პატრიოტთა ალიანსის” სამი კანდიდატი არის ბიზნესკომპანიების მეწილე ან/და ხელმძღვანელი (გრიგოლ ბახტაძე-ქუთაისი, ხვიჩა წკეპლაძე-თერჯოლა; პაატა კიკნაძე-ხარაგაული).
ამასთან, შესწავლილი პარტიების პარტიული სიების პირველ ნომრებად წარდგენილი კანდიდატებიდან “ქართული ოცენების” 2 კანდიდატი (ნიკოლოზ ლატარია-ქუთაისი, მანანა ბარბაქაძე-ხარაგაული), ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” 3 კანდიდატი (ბესიკ ბრეგაძე-ქუთაისი; პაატა ლეჟავა-ვანი; მამაუკა საღარეიშვილი-წყალტუბო) არის ბიზნესკომპანიების მეწილე ან/და ხელმძღვანელი.