ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს მთავრობას: ევროკავშირში გაწევრიანებისგან უფრო შორს ხართ, ვიდრე ოდესმე

359

ჩვენ მმართველ პარტიასთან უნდა ვიმუშაოთ, რადგან ერთი მხრივ, ისინი ჩვენი პარტნიორები არიან პარლამენტში, მაგრამ რიტორიკის, სიძულვილის ენის, დაშინების, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების წინააღმდეგ ჩვენი განცხადებები უნდა იყოს ძალიან გასაგები და ასევე ჩვენი მოქმედება შედეგებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ორგანიზებულ ვებინარზე განაცხადა, რომლის მონაწილეებმაც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ზეგავლენა შეაფასეს.

„მინდა, გავაფრთხილო მმართველი პარტიის ყველა წევრი, ისინი ისე შორს არიან ევროკავშირში რეალური გაწევრიანებისკენ სწრაფვისგან, როგორც არასდროს. მე ვგულისხმობ იმას, რომ ასოცირების შეთანხმება კვლავ პოლიტიკურ ჩარჩოდ რჩება, რომელიც არ შესრულებულა, მათ შორის სასამართლოს რეფორმების კუთხით, ასევე სხვა რეფორმების კუთხით. ისინი ყოველ დღე სცილდებიან მას და ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, თუმცა საჭიროა ფინანსური რეაგირება. არ შეიძლება დავუშვათ, რომ გადასახადების გადამხდელების ფული მიდიოდეს ქვეყანაში, რომელიც მზად არ არის, ბევრი მისი დაპირების შესასრულებლად და ასევე საკუთარი მოქალაქეებისთვის დემოკრატიული რეფორმების გატარებასთან დაკავშირებული ვალდებულების შესასრულებლად,“ – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.