კობახიძე: სამოქალაქო კლინიკასთან უფრო მარტივია რადიკალური გეგმების აღსრულება

649

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ექიმები და ადვოკატები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას “რადიკალური გეგმების აღსრულებისთვის” ითხოვდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ როგორც ექიმებმა, ისე ადვოკატებმა თქვეს, მოგვიანებით კი სახალხო დამცველმა დაადასტურა, რომ ციხის საავადმყოფოში არ არის სათანადო სამედიცინო აღჭურვილობა, კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციას რადიკალური გეგმები აქვს.

“გუშინ ნათლად გამოჩნდა, რატომ ითხოვდა ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას. მიზეზი ერთადერთი იყო – სამოქალაქო კლინიკასთან უფრო მარტივია იმ რადიკალური გეგმების აღსრულება, რომლის მიხედვითაც ისინი გუშინ მოქმედებდნენ.

ბუნებრივია, სახელმწიფო ვერ დაუშვებს, რადიკალების ახირების გამო სამართალდამცველების, პაციენტების და სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოებას და სიმშვიდეს არასაჭირო პრობლემები შეექმნას”, – თქვა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.

ქართული ოცნების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს. იმავე საღამოს მან შიმშილობა დაიწყო.

ადვოკატები და ექიმები ითხოვდნენ ექსპრეზიდენტის გადაყვანას მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში, ვინაიდან ციხის საავადმყოფოში არ არის საკმარისი აღჭურვილობა, ამასთან, მისი უსაფრთხოებაც არ იქნებოდა დაცული. გლდანის ციხის მე-18 საავადმყოფო შეამოწმა ომბუდსმენმაც და დაასკვნა, რომ აქ არ იყო პირობები პაციენტის მოსათავსებლად.

მიუხედავად ამისა, 39-დღიანი შიმშილობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი მაინც გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პეიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, რომელშიც ჩანს, რომ ექსპრეზიდენტი თავის ნივთებს ალაგებს და ციხის თანამშრომლებს თავისი ნებით მიყვება. უწყება ამტკიცებდა, რომ მისი გადაყვანა არ მომხდარა ძალადობრივად. თუმცა, ვიდეოს გავრცელებიდან რამდენიმე წუთში სააკაშვილთან შეხვედრიდან გამოსულმა ომბუდსმენმა განაცხადა, რომ მას მოატყუეს, თითქოს სამოქალაქო კლინიკაში მიჰყავდათ.

მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ უარი თქვა მანქანიდან გადასვლაზე, გადაათრიეს მანქანიდან კრიმინალების გინების ქვეშ, გაათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩაარტყეს კისერში.

გლდანის ციხის მე-18 საავადმყოფოში ექსპრეზიდენტს პატიმრებმა ე.წ შუმოკი მოუწყვეს – მას ერთხმად აგინეს და შეურაცხყოფა მიაყენეს.