ხოშტარია: არც კი განვიხილავ შიმშილობის შეწყვეტას, თუ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება, მივიღებ მედიკამენტებს

400

თუ ჩემი ნდობით აღჭურვილი ექიმი მეტყვის, რომ არის უკვე სიკვდილის ზღვარი, იმ შემთხვევაში მივიღებ წამლებს, რადგან მე არ ვაპირებ დანებებას, არ ვაპირებ სიკვდილს, არც ბრძოლის შეწყვეტას, მე ვაპირებ გამარჯვებას ამ ბრძოლის გზით,- ამის შესახებ “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომელიც პარლამენტში უკვე მე -7 დღეა შიმშილობს.

როგორც მან აღნიშნა, ის მიიღებს მხოლოდ მედიკამენტებს იმ შემთხვევაში, თუ მისი სიცოცხლის პარამეტრებს საფრთხე შეექმნება. რაც შეეხება შიმშილობის შეწყვეტას, ამას არ განიხილავს.

„მე თავიდანვე ვთქვი, რომ ვიშიმშილებ, სანამ სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხე არ მოიხსნება. დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების პრობლემა კიდევ უფრო დიდია, ვიდრე მანამდე, ამიტომ მე არც კი განვიხილავ შიმშილობის შეწყვეტას, ვაგრძელებ შიმშილობას, ერთადერთი, რადგან პოლიტიკური კონტექსტი შეიცვალა, თუ ჩემი სიცოცხლის პარამეტრებს შეექმნება საფრთხე, მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებ გარკვეულ მედიკამენტებს, ახლა მე მათ არ ვიღებ. თუ მე ჩემი ნდობით აღჭურვილი ექიმი მეტყვის, რომ ეს არის უკვე სიკვდილის ზღვარი, იმ შემთხვევაში მივიღებ წამლებს, რადგან მე არ ვაპირებ დანებებას, არ ვაპირებ სიკვდილს, არც ბრძოლის შეწყვეტას, მე ვაპირებ გამარჯვებას ამ ბრძოლის გზით. ჩვენ თუ ამ ბრძოლაში სრული ენერგია არ ჩავდეთ, საქართველოს ყველა მოქალაქე არის უსასტიკესი რეჟიმის საფრთხის ქვეშ. მე ამას არ დავუშვებ და ბოლომდე ვიბრძოლებ,”- განაცხადა ხოშტარიამ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ წყალს სვამს.

“მე შიმშილობის მწვავე ფორმა იმ დღესვე ავირჩიე და მაგალითად მინერალური წყლები და ბორჯომი მაშინვე ამოვიღე, როგორც კი ხელისუფლების ეს რეაქცია იყო, უბრალოდ, ამაზე არ გამიკეთებია განცხადება. ამიტომ ეს გამწვავებული არის. ყველა შიმშილობას აქვს თავის სტრატეგია, შიმშილობა არ არის თვითმკვლელობა, დღეს სიკვდილი იქნებოდა ბიძინა ივანიშვილისთვის საჩუქარი,”- განაცხადა ხოშტარიამ.