ოპოზიციის მხარდამჭერებმა ღამე მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენეს. აქციის მონაწილეები ამ წუთებშიც ადგილზე რჩებიან.
მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპოლიციო ძალებია მობილიზებული. მათ გამთენიისას შენობის წინ დამატებით რკინის ჯებირები განათავსეს.
შეგახსენებთ, ორშაბათს ღამით ოპოზიციის მხარდამჭერებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან თავისუფლების მოედნიდან გადაინაცვლეს. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. აქციის მონაწილეები, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ტერიტორიაზე წარწერის გაკეთებას ცდილობდნენ, რასაც პოლიციის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა.
დილიდან ოპოზიცია საპროტესტო აქციას იუსტიციის სამინისტროსთან მართავს.
აქციის მონაწილეები, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია და სხვა ლიდერები სამინისტროსთან მთავრობის ადმინისტრაციიდან მსვლელობით მივიდნენ. მათი მოთხოვნაა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და გათავისუფლება.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ ხმის აპარატურა და სიტყვით გამოსვლებისთვის ემზადებიან.
სამინისტოს შესასვლელთან სამართალდამცველებს კორდონი აქვთ მოწყობილი, შენობასთან მისასვლელი კიბე კი მთლიანად ბლოკირებულია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო ცენტრში გუშინ გადაიყვანეს.