უკრაინის საგარეო უწყება: დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში

362

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის გლდანის N18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანით იმედგაცრუებულები არიან. უკრაინის საგარეო უწყება ქართულ მხარეს მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში დაუყოვნებლივ გადაიყვანოს, რომელსაც ყველა სათანადო სამედიცინო დახმარებისა და გადაუდებელი დახმარების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო პირობა ექნება.

“აღნიშნულ საკითხზე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ნოტა საქართველოს საგარეო უწყებას დღეს გადაეცა. მიხეილ სააკაშვილის შემდგომი დარჩენა პენიტენციურ სამედიცინო დაწესებულებაში ქმნის დამატებით რისკებსა და დაძაბულობას, რომლის თავიდან აცილება ჰუმანიტარული მიზნით შესაძლებელია”, — ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო უწყების ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტრო და უკრაინის საელჩო საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილი ვითარების სპეციალურ კონტროლს აგრძელებენ.

სანამ მიხეილ სააკაშვილს გლდანის ციხეში გადაიყვანდნენ, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ ანალიზებზე დაყრდნობით კონსილიუმი ექსპრეზიდენტის მაღალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობაზე შეთანხმდა.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი და მისი ადვოკატების სურვილის საწინააღმდეგოდ რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეს ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა ერთი საათის შემდეგ დაადასტურა — მას შემდეგ, რაც რუსთავის ციხიდან აფრენილი ვერტმფრენი გლდანის ციხის თავზე გამოჩნდა. მანამდე უფლებადამცველებმა, ოჯახის წევრებმა და ომბუდსმენმა არ იცოდნენ, სად იყო სააკაშვილი. ვარაუდობდნენ, რომ მას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანდნენ.

მოგვიანებით, როცა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, გლდანის ციხეში სააკაშვილის სანახავად მივიდა, განაცხადა, რომ ის რუსთავის ციხიდან სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს და ციხეში ძალის გამოყენებით შეიყვანეს. მანვე აღნიშნა, რომ სააკაშვილს პალატაში ესმის სხვა პატიმრების გინებისა და მუქარის ხმა. ადვოკატებმა ეს ფსიქოლოგიურ ზეწოლად და წამებასთან გათანაბრებულ ქმედებად შეაფასეს.

იუსტიციის მინისტრი ამტკიცებს, რომ რუსთავის ციხიდან გლდანში გადაყვანისას არცერთი პროცედურა და ნორმა არ ყოფილა დარღვეული. სამინისტროს განცხადებით, სააკაშვილმა ციხეში შეყვანისას თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რაზეც გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.

სააკაშვილის ციხეში შეყვანის შემდეგ ადგილზე სპეცრაზმი, წყლის ჭავლის მანქანა და დამატებითი საპოლიციო ძალები შეიყვანეს. გარდა ამისა, ციხეში მიიტანეს კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი. მანამდე რამდენიმე დღით ადრე კი უწყება ამტკიცებდა, რომ ციხის კლინიკა საჭირო ტექნიკით აღჭურვილია.