საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლებისთვის საჭირო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 9 მილიონ ლარამდე მოხმარდება.
„დღეის მდგომარეობით, სოფელში არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა. მოსახლეობა წყალს წყაროებისა და ჭაბურღილების მეშვეობით იღებს.
პროექტი ითვალისწინებს წყალმომარაგების ქსელების, მაგისტრალების, წყლის სათავე ნაგებობების, სატუმბო სადგურისა და რეზერვუარის მოწყობას.
სამუშაოების შედეგად, სოფელ მანავში 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით 4 000-ზე მეტი ადამიანი შეძლებს სარგებლობას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.