ქუთაისში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების პროცესი ამ დრომდე არ ჩანიშნულა

332

4 ნოემბრის ღამეს, ქუთაისში ბანერის მზადების გამო დაკავებულები ამ დრომდე ელოდებიან სასამართლო პროცესის ჩანიშვნას. დაკავებულების ადვოკატის, ელისო დათუსანის თქმით, სასამართლოში შუამდგომლობა ამ დრომდე არ შესულა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

“ამ დრომდე არ არის შუამდგომლობა შესული. ველოდებით სხდომის ჩანიშვნას, რაც წესით, დღის ბოლომდე უნდა მოხდეს”, – ამბობს ელისო დათუსანი.

მიხეილ მუმლაძე და იმედა ონიანი პოლიციამ ქუთაისში გვიან ღამით, ოპოზიციის საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ დააკავა. სამოქალაქო აქტივისტები ბანერზე საპროტესტო შინაარსის წარწერის გაკეთების მომენტში აიყვანეს. ისინი ბანერის ქალაქის ცენტრში, მუზეუმის ყოფილ შენობაზე გადმოფენას გეგმავდნენ, რისი შესაძლებლობაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

რამდენიმე საათის განმავლობაში დაკავებულების ახლობლებს მათი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. საბოლოოდ გაირკვა, რომ ისინი სამტრედიის პოლიციაში გადაიყვანეს.

მიხეილ მუმლაძე და იმედა ონიანი პოლიციამ 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავა, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.