გეგმავს თუ არა ახმეტის ახალი მერი საკადრო ცვლილებებს

405

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე ფიცხელაური უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა. სასმელი წყლის პრობლემების  მოგვარება სოფლებში, სარწყავი სისტემის მოწესრიგება, საბავშვო ბაღებისა და გზების რეაბილიტაცია – ეს ახალი მერის პრიორიტეტების არასრული ჩამონათვალია.

“მოსახლეობასთან შეხვედრების დროს რა პრობლემებიც გამოიკვეთა, მათ გადაჭრაზე ვიმუშავებ. პირველ რიგში, წყლის პრობლემები უნდა მოვაგვაროთ. პრიორიტეტული იქნება გზების მოასფალტება. საყურადღებოა, აგრეთვე, სარწყავი სისტემების მოწესრიგება. მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაწყებულია საბავშვო ბაღებია რეაბილიტაცია, რაც რა თქმა უნდა, გაგრძელდება. იგეგმება ორი ახალი ბაღის მშენებლობაც. ახალგაზრდებსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, მოეწყობა გამაჯანსაღებელი სივრცეები,”- აღნიშნა ფიცხელაურმა გამოცემა “სპექტრთან” საუბარში.

ახმეტის მუნიციპალიტეტის ახალ მერს ისიც ვკითხეთ, გეგმავს თუ არა საკადრო ცვლილებებს.

“საკადრო ცვლილებები ჯერ არ დაგვიწყია. ვინც ხელშეკრულებით არის დასაქმებული, მათ ვადა ახალ წლამდე ჩვეულებრივ გაუგრძელდებათ. გავეცნობი თანამშრომლებს, ყველასთან მექნება კომუნიკაცია და მაგის მიხედვით გადავწყვეტ,”- განაცხადა ფიცხელაურმა.