ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გამარჯვებული მერის, გიორგი ხარჩილავას განცხადებით, ისინი დეცენტრალიზაციისა და დეოლიგარქიზაციის პროცესზე იმუშავებენ. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში ისაუბრა.
“ჩვენ რეალურ თვითმმართველობაზე, დეცენტრალიზაციაზე ვიმუშავებთ, შევთავაზებთ იმ ინიციატივას, როგორი უნდა იყოს თვითმმართველობა ადგილებზე და ვერტიკალზე აგებული ოლიგარქის დეოლიგარქიზაცია უნდა მოხდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მაგრამ ადგილებზე ეს სამაგალითოდ წალენჯიხაში მოხდება.
წალენჯიხას აქვს ისტორიული პარალელები უახლოეს წარსულთან, წალენჯიხიდან დიდი ცვლილებები დაწყებულა და ჩვენ სრულიად ვართ ჩართული ამ მოძრაობაში, რაც ცვლილებების გამომწვევიც იქნება. ავანგარდშიც ვიქნებით ამ ცვლილებების და მე ყველა კოლეგას, რომელიც იბრძოდა ჩვენს მხარდამხარ ვთავაზობ, ძალიან დიდ სიმხნევეს, იმიტომ, რომ ეს არჩევნები თავისი ფუნქციონალებით უფრო მეტი იყო, ვიდრე ადგილებზე ხელისუფლების გადანაწილება”, — განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ სწორედ წალენჯიხაა ერთადერთი მუნიციპალიტეტი, სადაც ცესკო-ს მონაცემების მიხედვით, ოპოზიციის კანდიდატი იგებს. სხვა დიდ ქალაქებსა და თვითმმართველ თემებში, წინასწარი მონაცემებით მმართველი გუნდის კანდიდატები იმარჯვებენ.