სოციალურ კოდექსზე მუშაობა დაიწყო – რას ითვალისწინებს ცვლილებები?

288

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია საერთაშორისო ექსპერტებს შეხვდნენ. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საუბრის მთავარი თემა „სოციალური კოდექსი“ იყო, რომელიც წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარების საფუძველზე განხორციელდება.

მათი განმარტებით, რეფორმა მიზნად ისახავს სოციალური დაცვის სისტემის სრულყოფილი და ინტეგრირებული მიდგომის დანერგვას, რომელიც მოიცავს მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებას სოციალური, ჯანმრთელობისა და დაზღვევის სექტორებისთვის.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სოციალური კოდექსი დაფარავს სოციალური დაცვის ისეთ მიმართულებებს და სქემებს, როგორიცაა, სოციალური დახმარებები, მათ შორის დევნილთა დახმარებები, ჯანმრთელობის დაცვის საკითხები, პენსიები და სხვა. რეფორმა გააუმჯობესებს დასაქმებისა და სოციალური გასაცემლების სისტემას, კერძო და სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების, ორგანიზებისა და რეგულირების მექანიზმებს, გაზრდის მედიკამენტების ხარისხისა და მათზე ხელმისაწვდომობას.

„დაიწყო მუშაობა სოციალურ კოდექსზე და უკვე გადავედით სამუშაო ჯგუფების გააქტიურების ფაზაში. შევხვდით ევროპელ ექსპერტებს, სადაც არსებული პროგრესი და სამომავლო გეგმები განვიხილეთ. გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო დაფინანსების მექანიზმსა და ევროპულ გამოცდილებას”, – ამის შესახებ თამარ ბარკალაიამ განაცხადა.

ექსპერტების განცხადებით, სოციალური კოდექსი უნდა გახდეს გარანტი იმისა, რომ ყველა მოქალაქის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება, შენარჩუნდება ფინანსური მდგრადობა და გაუმჯობესდება ბიუჯეტის ხარჯვის ეფექტიანობა.

„შეხვედრაზე განვიხილეთ ევროპული სოციალური უსაფრთხოების სისტემის დაფინანსების მექანიზმები, ის პრინციპები თუ როგორ ხდება სხვადასხვა მიმართულების დაფინანსება, მაგალითად, როგორიცაა: პენსია, ჯანდაცვის სერვისები, უმუშევრობა, უბედური შემთხვევებისგან დაზღვევა. ერთმანეთს გერმანული სოციალური უსაფრთხოების მოდელის დაფინანსების ნაწილში საკუთარი გამოცდილება გავუზიარეთ. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება გერმანულ მოდელს სამაგალითოდ მოიაზრებს, უნდა აღინიშნოს, რომ ეს მოდელი ძალიან ხარჯიანია. ჩვენი ეროვნული ბიუჯეტის 30% სოციალური დაცვის სერვისებზე იხარჯება“, – ამის შესახებ ევროპელმა ექსპერტმა ჰაგენ ჰუგელშაფერმა განაცხადა.

სოციალური კოდექსის შემუშავება პარტნიორი ორგანიზაციების, საფრანგეთისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოებისა და სხვა დონორი ორგანიზაციების დახმარებით თანმიმდევრულად განხორციელდება.

“სოციალურ კოდექსზე“ მუშაობა 2023 წელს დასრულდება.

შეხვედრას დამოუკიდებელი ექსპერტები დიმიტრი ცქიტიშვილი და ალექსანდრე შარაშენიძე ესწრებოდნენ.